ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

8 აგვისტო, 2019 •
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს, 8 აგვისტოს, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც არის შეტანილი. ამის შესახებ, „ამერიკის ხმას“  საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში,  კახა იმნაძემ განუცხადა.

სხდომასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საბჭოს სხდომა, ტრადიციულად, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს სხდომის თავმჯდომარე ქვეყანა გააკეთებს. ამჟამად უშიშროების საბჭოს სხოდმის თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთია. განცხადებები, შესაძლოა, გაკეთდეს სხდომის მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდანაც.

მანამდე თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალობაზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხი სამჯერ განიხილეს. მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებზეც ისაუბრა.

7 აგვისტოს კი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი შეხვდა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს  და აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფას.

„რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”, – განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა.

კახა იმნაძის თქმით, მიუხედავად დაბრკოლებებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. ამ კონტექსტში ელჩმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. საქართველოს მთავრობის ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” მიზნად ისახავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებს.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად შეაფასეს შეხვედრაზე მყოფმა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტვუას, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლები.

შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გმობენ რუსულ ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გაეროს წესდების პრინციპებს. ასევე, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი