ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უშიშროების საბჭო აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი

30 სექტემბერი, 2020 •
უშიშროების საბჭო აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი

გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ კარს მიღმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტზე იმსჯელა. 

უშიშროების საბჭო აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭო შეშფოთებულია რეგიონში განსაკუთრებულად დიდი მასშტაბის საბრძოლო მოქმედების გამო და მოითხოვს ძალის გამოყენების შეწყვეტას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ მინსკის ჯგუფთან და დაუყოვნებლივ განაახლონ მშვიდობიანი მოლაპარაკებები. 

განცხადებას მხარი დაუჭირა საბჭოს 15-ვე წევრმა, მათ შორის, ხუთმა მუდმივმა და 10-მა დროებით არჩევითმა წევრმა. 

მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა ფორმალურად ბელგიის მიერ გახლდათ მოწვეული, თუმცა საგანგებო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვდა ასევე საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია და ესტონეთი. 

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბრძოლები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, მხარეებს ჯერჯერობით არ მიუღიათ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი