საზოგადოება

საქართველოს დღევანდელმა ხელმძღვანელბმა აღიარეს 2008 წლის სააკაშვილის უგუნური შეცდომა – გაეროში რუსეთის წარმომადგენელი

17 აგვისტო, 2022 • 1336
საქართველოს დღევანდელმა ხელმძღვანელბმა აღიარეს 2008 წლის სააკაშვილის უგუნური შეცდომა – გაეროში რუსეთის წარმომადგენელი

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ „აღიარა სააკაშვილის შეცდომა“ 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

15 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები შეიკრიბნენ აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე სამსჯელოდ. იმავე დღეს საბჭოს მოქმედმა და მომავალმა წევრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა გაეროში რუსეთის ელჩის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ და გაიმეორა რუსეთის ხელისუფლების ნარატივი, რომლის თანახმადაც, „2008 წლის 8 აგვისტოს განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საშინელი პროვოკაცია, რამაც გამოიწვია ამ ქვეყნისთვის უზარმაზარი პრობლემები, ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გაჩენა“.

„მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს დღევანდელმა ხელმძღვანელებმა თავიანთი შეფასება მისცეს მომხდარს. მათ აღიარეს სააკაშვილის მიერ დაშვებული უგუნური შეცდომა. ისინი [საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება] ასევე კარგად აცნობიერებენ უცხო ძალების როლს ამ სიტუაციაში“, – განაცხადა პოლიანსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და „ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმი იმავე ხაფანგში გაება“ და თქვა, რომ „გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გამოიტანოს დასკვნები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს უცხო ძალების, მაგალითად, აშშ-ისა და ნატოს, ჩარევას“.

15 აგვისტოს დახურული სხდომის შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის- ასევე, საბჭოს მომავალი წევრების, იაპონიის და მალტის წარმომადგენლები.

მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და დაგმეს რუსეთის უკანონო შეჭრა და სამხედრო ყოფნა „საქართველოს განუყოფელ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში“.

„კვლავ ვიმეორებთ 14 წლის მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, – აცხადებენ ისინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი