ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს შორის, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი გააშუქეს.
ფოტოგრაფი გვიყვება, თუ როგორ ჩავიდა გორში, როგორ იბომბებოდა ქალაქი და როგორ იღებდა მოსახლეობას, რომელიც ომის გამო საკუთარ სახლებს ტოვებდა. ის ამბობს, რომ ყველაზე მძიმე, რაც იმ დღეებში განიცადა და რისი განცდაც აღარასდროს უნდა, ის სიჩუმეა, რომელმაც ქალაქში ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ დაისადგურა.
“მძიმე ჰაერი, სადაც არავინ იცინის, არავინ მღერის, არავინ ხმას არ იღებს, ხალხი შოკში დადის და ეს მძიმე სიჩუმე, რომელიც დღემდე მახსოვს და რომელიც აღარასდროს მინდა, რომ განვიცადო,“.
ნეტგაზეთმა მას კიდევ ერთხელ სთხოვა გაეხსენებინა, თუ როგორ გადაიღო აგვისტოს ომის კადრები.
“7 აგვისტოს ტელევიზიით გავიგე, რომ კონფლიქტი დაიწყო და არც დავყოვნებულვარ, ეგრევე გადავწყვიტე წასვლა. მაშინ არ ვმუშაობდი რომელიმე სააგენტოსთვის, ვიყავი ლექტორი “ჯიპაში“ და სტუდენტებს ფოტოჟურნალისტიკას ვასწავლიდი. გადავწყვიტე, რომ გორში ჩემი ხარჯებით წავსულიყავი. მახსოვს, თავდაპირველად გამიჭირდა მანქანის პოვნა, რომელიც იქ ჩამიყვანდა, მაგრამ ბოლოს ვიპოვე ადამიანი ჩემი ინსტიტუტიდან, რომელიც გორში მიდიოდა, და მას გავყევი.
გორში ჩასვლისას მივედი მედიაცენტრში, რომელიც შუა ქალაქში იყო განთავსებული და პირველი, რაც ვიკითხე, იყო – “რა ხდება“? იქ ისხდნენ ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები. ზუსტად იმ დროს, როცა მე ეს კითხვა დავსვი, ჩვენს თავზე გადაიფრინა გამანადგურებელმა და ჩამოაგდო ბომბები. “აი, რა ხდება“ – მიპასუხეს…
2008 წლის ომი. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
როგორც წესი, როდესაც ბომბები ცვივა, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ფოტოგრაფი, მიდის იმ ადგილის სანახავად. ჩვენც შევიკრიბეთ რამდენიმე ფოტოგრაფი, რომ წავსულიყავით და გვენახა, სად იყო ჩამოვარდნილი ბომბები. ოღონდ ზუსტი ადგილი, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, ინფორმაცია ამის შესახებ არ გვქონდა, არავინ იყო, რომ მოეყოლა…
გზაჯვარედინზე ვიდექით, მარცხენა მხარეს იყო შლაგბაუმი, რომლის მიღმაც უკვე გადაკეტილი ზონა იწყებოდა, მარჯვენა მხარიდან კი, ანუ ქართული სოფლების მხრიდან, ხალხს წამოსვლა უკვე დაწყებული ჰქონდა. მოდიოდნენ ავტომობილებით, სატვირთო მანქანებით, ზოგიერთი მათგანი საბარგულში იჯდა. ყველას როგორც შეეძლო, ისე მორბოდა და უკან ტოვებდნენ თავიანთ სახლებს.
ამასობაში შეგვხვდნენ სამხედროებიც, რომლებსაც დასისხლიანებული ჰქონდათ სახეები, ყველანი განადგურებული იყვნენ ემოციურად და ეს მათ ფიზიკურადაც ეტყობოდათ. ძალიან ცუდად იყვნენ. ამ დროს გადავყწივტე, რომ მათთვის ფოტოები არ გადამეღო იმიტომ, რომ გავითვალისწინე ის ემოციური მომენტი, რომელიც ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონოდათ. ზოგადად, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს არ უნდა ფოტო გადავუღო, თავისთავად ამას არ ვაკეთებ.
უვკე შებინდებული იყო, ჩვენ დაღამებამდე ვიღებდით. ღამით კი ველოდებოდით ე.წ. “ლუსტრებს“. ეს “ლუსტრები“ ტერმინია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დაბომბვის წინ ცა ნათდება ხოლმე. ღამე თეთრად გავათენეთ, მეორე დილით კი უკვე დაიწყო ქალაქ გორის დაბომბვა და მე ამის თვითმხილველი ვიყავი.
დაიწყო დაბომბვა, მე კი იმ ადგილებისკენ წავედი, სადაც ეს ბომბები ჩამოვარდა, ის ადგილი რომ გადამეღო. სწორედ ამ დროს ბომბებმა ინტენსიურად დაიწყო ცვენა და მახსოვს, როგორ დამაწვა და ტანით გადამეფარა ჯარისკაცი იმისთვის, რომ დავეცავი და მითხრა, რომ სასწრაფოდ გადავსულიყავი, დავბრუნებულიყავი ხიდის უკან, იქიდან, საიდანაც წამოვედი. გზად ვხედავდი ბევრ დამსხვრეულ შუშას, გატეხილ ფანჯრებს, ხმაურს. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულად დამთრგუნველი იყო სიჩუმე, მძიმე ჰაერი, სადაც არავინ იცინის, არავინ მღერის, არავინ ხმას არ იღებს, ხალხი შოკში დადის, და ეს მძიმე სიჩუმე, რომელიც დღემდე მახსოვს და რომელიც აღარასდროს მინდა, რომ განვიცადო.
უკან რომ ვბრუნდებოდი, კიდევ ერთი ბომბი ჩამოვარდა, მე უკვე მისული ვიყავი მედიაცენტრთან. მეგობრები და კოლეგები ჩავსხედით მანქანაში, გვეუბნებოდნენ, რომ ჩქარა ჩავმსხდარიყავით და წავსულიყავით, ჩავსხედით და მივაგენით იმ სახლს, კორპუსს, რომელიც შემდგომ ჩემს ფოტოებში ავსახე.
მივედით და გზად ისევ გხვდებოდა შოკში მყოფი ხალხი, შუშის ნამსხვრები დაყრილი, ქალბატონი, რომელსაც დასისხლიანებული ჰქონდა კისერი და სხეული შუშებით ჰქონდა დაზიანებული, მეორე ქალი ეხმარებოდა მას, აფარებდა ტანსაცმელს. ეს ქალიც გადავიღე.
შემდგომ გადავედით იმ კორპუსის უკან, სადაც ბომბი იყო ჩამოვარდნილი. იქ ალაგ-ალაგ იდგნენ სამხედროები, მუდმივად ისმოდა სროლის ხმა. გზად შეგვხვდა მოხუცი ქალი, რომელსაც პური ეჭირა ხელში და ძირს იწვა, ზედ ედგა ასევე ასაკში მყოფი კაცი. შოკში იყვნენ, ვერაფერს ამბობდნენ.
გავაგრძელე გზა. მარცხენა მხარეს დავინახე ქალი, რომელიც დასტიროდა კაცს.. რომელიც, მგონი, ძლიერი აფეთქებისგან ფანჯრიდან გადმოვარდა.
ვნახეთ ქალი, სახლის წითელ კაბასა და ჩუსტებში, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ახლოს კი იდგა ხალხი, რომელიც დახმარებას ცდილობდა. მარცხენა მხარეს იჯდა მიწაზე ქალი, რომელსაც ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა და იყო ასევე შოკში, არ ჰქონდა ხმა, პირის მოძრაობით გვეძახდა “მიშველეთო“. მივედით ამ ქალთან, მის უკან კი იწვა კაცი, რომელიც სულ დაფლეთილი იყო.. ფეხი ჩანდა ცხედრის.
ჩვენ ვცდილობდით სწრაფად გადაგვეღო იმიტომ, რომ ზონა უკვე იკეტებოდა და იმ მომენტში რომ არ წავსულიყავით, ფოტოებს ვეღარ გადავაგზავნიდით, რადგად მაშინ იქ ინტერნეტი არ იყო. ჩვენ ფოტოების გადაგზავნისთვის და შემდგომ გამოქვეყნებისთვის უნდა ჩავსულიყავით თბილისში.
…ამ ამბების შემდეგ სამი დღე ლოგინში ვიწექი, ვიყავი შოკში, დამჭირდა ფსიქოლოგის დახმარება და დროთა განმავლობაში გამოვედი მდგომარეობიდან.
ფოტოგრაფებს გვაქვს დილემა – ასეთ დროს უნდა გადაიღო თუ უნდა დაეხმარო ადამიანს. მე არ ვარ ექიმი, თუმცა მეც ვხვდებოდი, რომ ზოგ შემთხვევაში იმ ხალხს უკვე ვეღარაფრით დავეხმარებოდი და მე გადავყწვიტე, რომ გამეგრძელებინა ჩემი მუშაობა და ამ მძიმე ვითარებისთვის გადამეღო ფოტოები. სხვანაირად არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი.
მე იმ მომენტში მივიღე გადავწყვეტილება, რომ ფოტოების გადაღება გამაგრძელებინა, რადგან ვიცოდი, რომ ამ ფოტოების გადაღებით ძალიან ბევრს დავეხმარებოდი.
დილემა ყოველთვის არის, ორივე შემთხვევაში.. არავინ არ განგიკითხავს, მაგრამ შენ ხომ ამას სხვის გამო არ აკეთებ. შენ ხარ შენს თავზე პასუხისმგებელი და შენ თვითონ იღებ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ფოტოები რომ არ გადამეღო, არ მექნებოდა იმის საშუალება, ხალხისთვის მეჩვენებინა, თუ რა კოშმარი ხდებოდა ირგვლივ. ვერ გადადებ, უნდა შეასრულო შენი პროფესიული მოვალეობა.
მაშინ ვმუშაობდი ლექტორად და მე ვერ ვიქნებოდი ჩემი სტუდენტებისა და ჩემი თავის წინაშე მართალი, რომ არ შემესრულებინა ჩემი სამუშაო. ასეთ დროს, უბრალოდ, თქვა, რომ მეც იქ ვიყავი, საკმარისი არ არის, იქ როდესაც ხარ შენი პროფესიით, იქ უნდა იშრომო.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვისწავლე ომის შემდეგ. 28 წლის ვიყავი მაშინ, როდესაც იმ ფოტოებს ვიღებდი, იმის შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, 10 წლით გავიზარდე და ჩემი ცხოვრებისეული შეხედულებები ძალიან შეიცვალა. ყოველ წელს მიწევს ამ ფოტოების თვალიერება იმიტომ, რომ ყველას უნდა, რომ გავუგზავნო, გამოაქვეყნონ და მე მარტო ამ დღეს ვუბრუნდები ამ ფოტოებს, მანამდე არ ვუყურებ ხოლმე, ცხადად მახსოვს 11 წლის წინ რა ხდებოდა.
წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
მთავარ ფოტოზე: ლელი ბლაგონრაროვა/ფოტო პირადი ფეიბსუკ გვერდიდან.