“ევროპულმა საქართველომ” ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით “ევროპულმა საქართველომ” ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართა.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს და მისი მიზანია ყველას კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ ქართველი ხალხი ოკუპაციას არ შეეგუება:

“დღევანდელი აქციის მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და იმას, რომ ჩვენი მიწა, ჩვენი წინაპრების მიწა ჰქონდეს წაღებული უცხო სახელმწიფოს. ამიტომ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ქართული საზოგადოება არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. 200 წელი ისრაელმა და ებრაელმა ხალმა ატარა იერუსალიმის იდეა.

ამდენი წელი ჩვენ არ დაგვჭირდება გასამთლიანებლად, მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს, მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას. საქართველოს არ სჭირდება ომი, ომი არ არის ჩვენი არჩევანი, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს იქნება მშვიდობიანი ბრძოლა საქართველოს გამთლიანებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის” ,- ამბობს ბაქრაძე.


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.