სამინისტრო “მწერალთა სახლს” აღადგენს, რომელსაც ნატა ლომოური უხელმძღვანელებს

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიტერტურის მიმართულებით აღდგება ორი სსიპ-ი, რომელიც სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში სამინისტრომ გააუქმა.

უწყების ცნობით, ერთიანდება “წიგნის ეროვნული ცენტრი” და “მწერალთა სახლი”. გაერთიანებულ ორგანიზაციას დაუბრუნდება სახელი “მწერალთა სახლი” და მას კვლავ ნატა ლომოური უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება “კულტურის ეროვნულ ფონდს”, ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დაინიშნება. 4 წლის ვადით, შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. საბჭოს გარდა, შეიქმნება საკონკურსო კომისიები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის;

სამინისტროს განცხადებით, კომისია დაკომპლექტდება ღია კონკურსის წესით და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. მისი ბიუჯეტი კი 50 მილიონ ლარამდე განისაზღვრება.

კულტურის ეროვნულ ფონდს ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განკარგულებით რამდენიმე თვის წინ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და მწერალთა სახლი”, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გაუქმდა და მათ სანაცვლოდ ახალი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მწერლები ამ გადაწყვეტილებას მათი დასჯის მცდელობად აფასებდნენ და ზვიად რატიანის საქმეზე საკუთარ აქტიურობას უკავშირებენ.

როგორც მწერლები ამბობდნენ, ეს გადაწვყეტილება უწყებამ სფეროში მოღვაწე პირების ჩართულობის გარეშე მიიღო, რის გამოც ახალშექმნილ “ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებდა. მათი თქმით, ორივე ორგანიზაცია არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა, რომელთა ბედი, თუ სამინისტრო გადაწყვეტილებას არ გადახედავს, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვრცლად მწერლების პროტესტის შესახებ წაიკითხეთ:

მწერლების ბოიკოტი “სახელმწიფოს ბოიკოტს”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.