ახალი ამბები

“ევოლუშენ გეიმინგიდან” გათავისუფლებულების აზრით, სამსახურიდან გაფიცისთვის გამოაგდეს

6 აგვისტო, 2019 • 2067
“ევოლუშენ გეიმინგიდან” გათავისუფლებულების აზრით, სამსახურიდან გაფიცისთვის გამოაგდეს

ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგიდან” გაათავისუფლეს იმ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც ბოლო დღეებში მიმდინარე გაფიცვაში მონაწილეობდა. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც დასაქმებულები, ისე პროფკავშირი, რომელიც პროცესებში მონაწილეობს.

იმის შესახებ, რომ გაათავისუფლეს და სამსახურის უნიფორმა უნდა ჩაებარებინა, “ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომელმა და გაფიცვის მონაწილემ, დაჩი ჩალაბაშვილმა, მოკლეტექსტური შეტყობინება დღეს, 6 აგვისტოს მიიღო.  მანამდე შეატყობინეს, რომ განრიგში ცვლები აღარ ჰქონდა.

“ყველაფერი დაიწყო 30 ივლისს. გვერდით დავუდექი პროტესტის მონაწილეებს, რადგან გავაანალიზე, რომ ამბობდნენ სიმართლეს და არაფერს სხვას. 30 ივლისიდან 6 დღე-ღამის განმავლობაში ვიდექი მათთან ერთად. ადმინისტრაციამ მედიაციაზეც უარი თქვა”, – უცხადებს ის “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, 4 აგვისტოს, სამუშაო დღეს, ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში, თუმცა იმის გამო, რომ შეუძლოდ იყო, ე.წ. ემერჯენსის ღილაკი გამოიყენა და სამუშაო ადგილი დატოვა:

“ეს [ღილაკის გამოყენება] ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ცუდად და არ შემიძლია მუშაობა. ეს არ ნიშნავს, რომ მე სამსახურიდან მოვდივარ ან რაიმე მსგავსი”.

რამდენიმესაათიანი გაურკვევლობის შემდეგ დაჩი ჩალაბაშვილს კვლავ მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს და, როგორც თავად ამბობს, აცნობეს, რომ ზემოხსენებული ღილაკის გამოყენების გამო დარღვევა დაუდგინეს, რაც გათავისუფლების მიზეზი გახდა. თავად არ იზიარებს აღნიშნულს.

“მომწერეს, რომ ემერჯენსი ღილაკის გამო დამიწერეს დარღვევა და მაგის საფუძველზე გამათავისუფლეს. ღილაკის გამოყენება არ არის დარღვევა, რადგან მე ვიყავი ცუდად. მათავისუფლებდნენ იმიტომ, რომ ვიდექი სიმართლის მხარეს. მე ხომ კონტრაქტი არ დამირღვევია?” – აცხადებს ის ნეტგაზეთთან ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ გაფიცვაში მონაწილეობის გამო სამუშაო საათები არ გაუცდენია.

“ევოლუშენ გეიმინგიდან” გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ანა აბესაძე ასევე მიიჩნევს, რომ კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი მისი გაფიცვაში მონაწილეობაა.

” მე ვიყავი აქციის მონაწილე, გავაცდინე ორი დღე. შემდეგ გავხსენი ბიულეტენი და ამომიღეს ცვლები, რომლებიც მქონდა ამ ბიულეტენის შემდეგ. მანამდე ჰქონდათ მოწერილი წერილი, რომ გაცდენასთან დაკავშირებით მივსულიყავი და დამეწერა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გავაცდინე, რაც არ გავაკეთე”, – გვითხრა მან.

ანა აბესაძემ 31 ივლისს, გაფიცვის დაწყებისას, კომპანიის იურისტისგან მიიღო შეტყობინება, რომ სურვილის შემთხვევაში შეეძლო, სამუშაოს დაბრუნებოდა, სამსახურში გამოუცხადებლობა კი დაუსაბუთებელ გაცდენად ჩაითვლებოდა. ის გამორიცხავს, რომ კომპანიამ დაკავებული პოზიციიდან გაცდენილი დღეების გამო გაათავისუფლა და აღნიშნავს, რომ მანამდე ასეთ მკაცრ მიდგომას ადმინისტრაცია არ იჩენდა.

“როდესაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა და იყო გაცდენები, ამის გამო არავინ არავის აგდებდა სამსახურიდან. რა თქმა უნდა, გამათავისუფლეს გაფიცვაში მონაწილების მიღების გამო. სხვა მიზეზი არ არსებობს”, – აცხადებს აბესაძე.

ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე “ევოლუშენ გეიმინგის” ქმედებებს კონფრონტაციად აფასებს. მისი თქმით, პროფკავშირი დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავს.

“დასახელდა სხვადასხვა მიზეზი, თუმცა ყველა ეს მიზეზი უკავშირდება ერთ ფაქტს, რომ მათ[გათავისუფლებულებმა] გამოთქვეს პროტესტი სამუშაოზე არსებული მძიმე პირობების გამო. ჩვენი რეაგირება იქნება ის, რომ ნებისმიერი სამართლებრივი გზით დავიცავთ ჩვენს წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოგვმართავს დახმარების თხოვნით. იმას, რაც ხდება ევოლუშენში, აუცილებლად დაერქმევა სახელი. ვიდავებთ სასამართლოს გზით, ასევე დაწყებული გვაქვს სამედიაციო პროცესი. მივმართეთ ჯანდცვის სამინისტრსოს და ველით მედიაციის დანიშვნას”, – უთხრა დიასამიძემ “ნეტგაზეთს”.

გიორგი დიასამიძის თქმით, კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართა, თავი შეიკავოს მედიაციის დანიშვნისგან, ვინაიდან მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ შემდგარა. მისი აზრით, კომპანია ცდილობს შეაყოვნოს სამართლებრივი დავისა და მოლაპარაკების ოფიციალურად დაწყების პროცესი.

” ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაფიცვას წინ უძღოდა დასაქმებულთა მიერ მოლაპარაკებების მცდელობა რამდენიმე თვის მანძილზე და იქ არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობები. ამაზე ადმინისტრაცია არ მოდიოდა”, – ამბობს დიასამიძე.

“ნეტგაზეთი” დასაქმებულებისა და პროფკავშირის ბრალდებებთან დაკავშირებით “ევოლუშენ გეიმინგთან” დაკავშირებას შეეცადა. კომპანიის კომუნიკაციების სამსახურში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ ახმიანებენ.

ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლები 1 კვირის წინ, 31 ივლისს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო. მას შემდეგ, რაც პროფკავშირების თქმით, “თანამშრომლებში საპროტესტო მუხტის გამოვლენის” გამო კომპანიამ მათი გათავისუფლება დაიწყო, მოთხოვნებს მათი სამსახურში აღდგენაც დაემატა.

პროფკავშირის ცნობით, რომელიც პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს, გაფიცულთა მინიმალური ხელფასი 384 ლარია და ზრდას 50%-ით ითხოვენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.

გარეკანის ფოტო: Facebook/Max Gurgenadze Vtp

მასალების გადაბეჭდვის წესი