ნეტგაზეთი | კოალიცია მოუწოდებს პროკურატურას, რ2-ის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს კოალიცია მოუწოდებს პროკურატურას, რ2-ის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს – Netgazeti
RU | GE  

კოალიცია მოუწოდებს პროკურატურას, რ2-ის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ პროკურატურას მოუწოდებს, ,,რუსთავი 2“-ის საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

“2019 წლის პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე – მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ.

,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 8 დეკემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკითხი ეხება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებას, რომელიც წლებია მის გარშემო მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი და საქმის მასალების გასაჯაროების აუცილებლობა.

თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურას მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე თავისი ინიციატივით არაერთხელ გაუსაჯაროებია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

“კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას,,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ღია საზოგადოების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან