ახალი ამბები

ანაკლიის კონსორციუმმა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები წარადგინა

5 აგვისტო, 2019 •
ანაკლიის კონსორციუმმა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები წარადგინა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მისი სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები წარადგინა.

საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა – „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი.

კონსორციუმში ამბობენ, რომ კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი.

“მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ,“- წერია კონსორციუმის განცხადებაში.

კონსორციუმში ამბობენ, რომ კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.

”მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში. თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან) ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან,“- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი თქმით, სანამ მის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრლადებები არ გაქარწყლდება, ის და ჯაფარიძე თავიანთ აქციებს საერთაშორისო სატრასტო ფონდს გადასცემენ.

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები,” – ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძე/ჯაფარიძე ანაკლიის მენეჯმენტს ტოვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი