ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო გუნდი თურქეთში მესამე ადგილისთვისთვის იბრძოლებს

7 თებერვალი, 2015 •
საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო  გუნდი თურქეთში მესამე ადგილისთვისთვის იბრძოლებს

პარლამენტის  პრესსამსახურის ინფორმაციით როგორც თამაშის წინ გაირკვა უნგრეთის საფეხბურთო გუნდი, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ყოფილი პარლამენტის წევრებით, ერთ-ერთი ქალაქის მერით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჩამოვიდა.


აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა, თუმცა, ტურნირის ორგანიზატორების პატივისცემის გამო, სათამაშო მოედანზე მაინც გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა დეპუტატებმა წუხილი გამოთქვეს აღნიშნული ფაქტის გამო და აღნიშნეს, რომ ტურნირის სახელწოდებიდან და სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე, საფეხბურთო გუნდი მხოლოდ მოქმედი პარლამენტის წევრებით იქნა წარმოდგენილი.


„სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გუნდს თამაში ყოფილ ფეხბურთელებთან მოუწია, 13მოთამაშიდან 7 არ გახლდათ დეპუტატი, რამაც გუნდები არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი მატჩის შედეგზეც აისახა“, – განაცხადა საქართველოს გუნდის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ


საფეხბურთო თამაში მეგობრულ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა კანონმდებლებმა უნგრეთის მხარეს გამარჯვება მიულოცა და ფინალურ მატჩში წარმატებები უსურვა. საქართველოს საპარლამენტო გუნდიდან მატჩის ერთადერთი გოლი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გაიტანა.

 

ტურნირის დებულების შესაბამისად, ქართველი კანონმდებელები მესამე ადგილისთვის ხვალ პოლონეთის საფეხბურთო გუნდს ეთამაშება, რომელმაც თავის მხრივ, პენალტების სერიაში მატჩი თურქეთის გუნდთან 5:3 დათმო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უნგრეთის გუნდის მსგავსად, პოლონეთის წარმომადგენლობაც, მხოლოდ პარლამენტის წევრებისგან არ არის დაკომპლექტებული.

 

საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირები თურქეთის რესპუბლიკაში რამდენიმე წელია ტარდება, ქართული მხარე კი, წელს პირველად ჩაერთო აღნიშნულ ასპარეზობაში.თუმცა, აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტურნირებში ქართველი დეპუტატები წინა მოწვევების პარლამენტის დროს აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.

 

ქართველი კანონმდებელის შეფასებით, მსგავსი სპორტული ღონისძიებები საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპარლამეტთაშორისო ურთიერთობებს. პარლამენტის წევრებს საშუალება ეძლევათ უფრო ახლოს გაიცნონ მათი კოლეგები და გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, მეგობრული ურთიერთობები სპორტული თამაშების დროსაც ჩამოაყალიბონ.

 

ფინალისტი გუნდები ერთმანეთს 8 თებერვალს შეხვდებიან. ფინალი ს შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება,მინიფეხბურთი ს ჩემპიონატში მონაწილე საპარლამენტო გუნდები ჯგუფურ ფოტოსაც გადაიღებენ.

 

პარლამენტის წევრები საქართველოში 9 თებერვალს დაბრუნდებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი