ახალი ამბები

ახალი კანონპროექტი თვითმმართველობის ფუნქციონირებაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობისთვის

6 თებერვალი, 2015 •
ახალი კანონპროექტი თვითმმართველობის ფუნქციონირებაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობისთვის

კანონპროექტში ახლებურად არის წარმოდგენილი პეტიციის წარდგენის წესი და უმჯობესდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პროექტი ითვალისწინებს ასევე თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მათი მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვას. ასეთი ფორმებია საერთო კრება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ინიცირების პროცესში და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც გამგეობასთან/მერიასთან უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც სათათბირო ორგანო.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ირაკლი კახიძის თქმით, მონაწილეობის ეს ფორმები არის ის ორი სიახლე, რომელიც არ იყო გათვალისწინებული არც ახალი და არც აქამდე მოქმედი კოდექსის ნორმებით:


“საერთო კრება – ეს არის ორგანიზებული ფორმა დასახლებისა, დააყენოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე, მოითხოვოს დაყენებულ საკითხებზე პასუხის გაცემა და ხშირად უშუალოდ მონაწილე გახდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისა, როგორიც, მაგალითად, შეიძლება იყოს სოფელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ან სხვა სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რომელიც უშუალოდ სოფლის პრობლემებს ეხება.


რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს, ეს ნორმა ავალდებულებს გამგებელს, რომ შექმნას ორგანო, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს მოსაზრება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თუ უბრალოდ მოქალაქეებისგან. რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, მისი დისკრეცია იქნება, როგორ დააკომპლექტებს აღნიშნულ ორგანოს. ეს არ უნდა გაიგოს და აღიქვას გამგებელმა, მერმა, როგორც მისი შემზღუდავი მექანიზმი, პირიქით,  ეს არის მისი დამხმარე მექანიზმი, რომ უშუალო კონტაქტი ჰქონდეს თითოეულ მოსახლესთან”, – აცხადებს კახიძე.


“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავდა, ეყრდნობა კანონპროექტს, რომელიც ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” და 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ეს პროექტი არასამთავრობოებმა 2014 წლის დეკემბერში წარუდგინეს სამინისტროს.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგილაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტზე მუშაობისას სამინისტრომ დასავლური გამოცდილება გაითვალისწინა და ამის საფუძველზე შეიმუშავა მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტები. იგი სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის უპირატესობაზეც საუბრობს.

 

“ერთ-ერთი დიდი პრობლემა რაც შეიძლება არსებობდეს, ეს არის, როგორ გავმიჯნოთ, სად მთავრდება მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა და სად იწყება საჯარო ადმინისტრირების ფორმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოდელში ეს ზღვარი არის უფრო მკაფიოდ დასმული, ვიდრე არასამთავრობოების შემოთავაზებულში, იმიტომ, რომ იქ გარკვეულად აღრევა იყო, სად მთავრდებოდა მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა და სად იწყებოდა უკვე ფაქტიურად ადმინისტრირების ფუნქციის განხორციელება”, – ამბობს შერგილაშვილი.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” პროგრამის კოორდინატორის ვახტანგ ნაცვლიშვილის შეფასებით, მინისტრის მოადგილის ეს კომენტარი ნიშნავს იმას, რომ არასამთავრობოების მიერ მომზადებული პროექტით, მოქალაქეებს თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობისა და ჩართულობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ და ეს აღქმული იქნა, როგორც უშუალო მმართველობა.

 

“თვითმმართველობაში – სახელწოდებაც ამას გვკარნახობს, რომ ასეთი ზღვარი არ არის სავალდებულო იყოს ისეთი მკაცრი, როგორიც არის ცენტრალური ხელისუფლების შემთხვევაში. და თუ მინისტრის მოადგილე ამას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეთავაზებულ კანონპროექტში მონაწილეობა უფრო ფართო იყო და უფრო ძლიერი, ვიდრე არის ამ საბოლოო ვერსიაში”.

 

ვახტანგ ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ სამინისტრო არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ვერსიას მნიშვნელოვანწილად დაეყრდნო და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა.

 

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ფინანსური ნაწილი ამ საერთო კრებებისა. არასამთავრობოების კანონპროექტი ითვალისწინებდა მეტ ფინანსურ გარანტიებს საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოებისთვის. ისეთ გარანტიებს, როგორიცაა შესაძლებლობა, რომ მათ მიეღოთ გრანტი, შემოწირულობა და ასე შემდეგ. ეს გაამარტივებდა მათთვის საქმიანობას, ვინაიდან იმისთვის, რომ თუნდაც საერთო სახალხო გამოკითხვა ჩაატარო, მოიწვიო კრება და ასე შემდეგ, შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული ფინანსების მოძიება”.


ვახტანგ ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ სამინისტროს ვერსიაში ეს საკითხი ცალსახად არ არის განსაზღვრული და “კანონის ზღვარზეა”.


ნაცვლიშვილის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, არის გამჭვირვალობის სტანდარტი, ანუ თვითმმართველობის მიერ ინფორმაციის ე.წ. პროაქტიული გამოქვეყნება. ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობა არ უცდის მოთხოვნას და საკუთარი ინიციატივით აქვეყნებს ინფორმაციას კონკრეტულ ვადებში. მაგალითად, ბიუჯეტის პროექტს მიღებიდან ორი დღის ვადაში, იმისთვის, რომ მოქალაქეები ჩაერთონ და გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და რა  – არა.

 

“არასამთავრობოების შეთავაზებული ვერსია ითვალისწინებდა გამჭვირვალობის უფრო ფართო სტანდარტს, ვიდრე დღეს არსებულ რედაქციაშია. თუმცა, როგორც დღეს გვითხრეს, ღიაა პროცესი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სტანდარტები, რომლებიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, აუცილებლად ინტეგრირდეს ახალ კანონპროექტში”.

 

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორის ზვიად დევდარიანის შეფასებით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეული საკითხების მიმართ, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შესაძლოა საკმაოდ ეფექტურიც აღმოჩნდეს.


“პეტიციასთან და სხდომების საჯაროობასთან დაკავშირებით უფრო მაღალი სტანდარტია აღებული. თვითონ კრებას რაც შეეხება, კარგია, რომ რაღაცით მაინც ვიწყებთ, იმიტომ, რომ ეს მისცემს შესაძლებლობას ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლად, რომ მოახდინონ საკუთარი თავის თვითორგანიზება. ეს კრება და არჩეული საბჭო არის ის  სტრუქტურა, რომელიც გამოხატავს სოფლის ინტერესს და სწორედ ამ კრების კომპეტენციაში გაჩნდა თუნდაც იმის საშუალება, რომ სოფელს თავისი წარმომადგენლობა, თავისი ხმა ჰყავდეს უკვე მუნიციპალურ დონეზე”, – ამბობს დევდარიანი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ცვლილების პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 თებერვალს სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტში“ წარმოადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი