ახალი ამბები

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად მთავრობა მსოფლიო ბანკს მიმართავს

1 აგვისტო, 2019 • 1236
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად მთავრობა მსოფლიო ბანკს მიმართავს

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტის დასაფინანსებლად მთავრობა მსოფლიო ბანკს მიმართავს. ამის შესახებ საუბარი მთავრობის 16 ივლისის დადგენილებაშია.

დადგენილების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მსოფილიო ბანკს უნდა მიმართოს, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, თუ რა ფორმით გეგმავს მთავრობა მსოფლიო ბანკისგან დაფინანსების მოპოვებას- იქნება ეს გრანტი, თუ სესხი.

ასევე ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ კითხვით, მოიცავდა თუ არა აღნიშნული სტრატეგია “ოუფენ ნეტის” პროექტს, რომლის თანადაფინანსებასაც ფონდი “ქართუ” გეგმავდა, და  მიიღებს თუ არა აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსებაში მონაწილეობას ფონდი “ქართუ” . ასევე, “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, თუ რომელ მუნიციპალიტეტებში მოეწყობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა, თუმცა ამ დრომდე სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღო.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი რეგიონებში ინტერნეტის გავრცელებას გულისხმობს. საკითხის აუცილებლობაზე პირველად განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის ნოემბერში “პირველი არხის” ეთერით გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ამ საკითხზე “საზოგადოება 2030” მუშაობდა. მოგვიანებით საქმეში სახელმწიფო, კერძოდ კი, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო, რომელმაც ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დააარსა.

საბოლოოდ, პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ფონდი ”ქართუ” გახდა. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ ივანიშვილის გარეშე ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ინტერნეტიზაციის პროექტზე “ქართული ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამაშიც იყო საუბარი, სადაც წერია, რომ აშენდებოდა 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებდა ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნებოდა ინტერნეტზე წვდომა.

რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს

მასალების გადაბეჭდვის წესი