ახალი ამბები

“საფრთხე გამოხატვის თავისუფლებისთვის” – რა პრეცედენტს ქმნის კუპრავას განაჩენი

1 აგვისტო, 2019 • 1119
“საფრთხე გამოხატვის თავისუფლებისთვის” – რა პრეცედენტს ქმნის კუპრავას განაჩენი

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი ედუარდ მარიკაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლებისთვის უარყოფით პრეცედენტად მიიჩნევს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას იურისტი აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ მოსამართლის ნებისმიერი სახის კრიტიკა შეიძლება სასჯელს დაექვემდებაროს.

“მე უკვე, ფაქტობრივად, ვფიქრობ, რომ შევარჩიო სიტყვები, რომ მოსამართლის მიმართ გამოთქმული კრიტიკა უცებ შეცდომად არ ჩათვალოს. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში. პირველი საქმე იყო ასეთი. ამის შემდეგ ნებისმიერი, ცოტა სხვანაირი, კრიტიკული გამოხატვა, აკადემიური სიტყვებითაც, სასამართლომ შეიძლება ჩათვალოს მოსამართლის უპატივცემულობად და შეურაცხყოფად”, – აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ზვიად კუპრავას მოსამართლე ელენე გოგუაძემ 9-თვიანი პატიმრობა სსკ-ის 366-ე მუხლით მიუსაჯა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. ბრალდება კუპრავას ედავებოდა, რომ 11 ივნისს, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტისას, მან უცენზურო ფრაზები გამოიყენა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მიმართ.

ზემოაღნიშნული ინციდენტის შემდეგ, “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” სსკ-ის ეს მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. უწყებამ საჩივარი წარმოებაში მიიღო, პირველი არსებითი განხილვა კი დღეს, პირველ აგვისტოს იმართება.

“იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ დადგენილი და უფრო კარგად აცნობიერებენ ამ უფლების მნიშვნელობას, დარწმუნდებიან იმაში, რომ თუნდაც შეურაცხყოფისთვის, ადამიანების ციხეში გაშვება არის მარაზმი. ეს, ჩემი აზრით, ჩაითვლება არაკონსტიტუციურად. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა შემთხვევაში, ჩემი აზრით, საერთო სასამართლოები, რადგან ასე დაიწყეს, ამ პრაქტიკას გააგრძელებენ”, – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

მისი თქმით, უშუალოდ სასამართლო დარბაზის გარდა, სადაც შესაძლოა პროცესის მიმდინარეობას ხელი შეეშალოს, მოსამართლის თუნდაც შეურაცხმყოფელი ტერმინებით კრიტიკა დასაშვებია და მას გამოხატვის თავისუფლება იცავს.

“არ ვიცი, რატომ, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ დღეს სასამართლოს ავტორიტეტის დაცვა უნდა მოხდეს რეპრესიებით, რაც ძალიან არასწორია. რეპრესიები და ერთი სიტყვის გამო ადამიანების 9 თვით ციხეში გაშვება კი არ იცავს სასამართლოს ავტორიტეტს, არამედ მას იცავს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე დგომა. გამოხატვა, მათ შორის შეურაცხმყოფელი, არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით”, – ამბობს იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი