ახალი ამბები

სასამართლომ ხაზარაძე/ჯაფარიძის სააპელაციო საჩივარი არ მიიღო

31 ივლისი, 2019 • 1046
სასამართლომ ხაზარაძე/ჯაფარიძის სააპელაციო საჩივარი არ მიიღო

სასამართლომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების სააპელაციო საჩივარი არ მიიღო. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

“რომ გითხრათ, ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდაო, ასე არ არის. ამით აღკვეთის ღონისძიება გირაო, ძალაში დარჩა და ჩვენ იძულებულნი ვართ, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ. მიუხედავად იმისა, კანონიერად ან უკანონოდ მიგვაჩნია თუ არა. ახლა სხვა ეტაპზე გადავდივართ. წარმოვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ამბობს, რომ არათუ ფულის გათეთრებას, არამედ საერთოდ არაფერ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია,”-ამბობს ადვოკატი.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში 29 ივლისს გაასაჩივრეს.

საქალაქო სასამართლომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – თითოეულს 700 ათასი ლარი – შეუფარდა.

გარდა გირაოს შეფარდებისა, პროკურატურა ითხოვდა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი