ახალი ამბები

ზესტაფონში კრაზანის ნაკბენის შემდეგ გარდაცვლილი ორივე კაცი ალერგიული იყო – მერის მოადგილე

31 ივლისი, 2019 • 4011
ზესტაფონში კრაზანის ნაკბენის შემდეგ გარდაცვლილი ორივე კაცი ალერგიული იყო – მერის მოადგილე

ზესტაფონის რაიონის სოფლებში ბოლო დღეების განმავლობაში ორი კაცი კრაზანის კბენის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა, როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამბობენ, ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ალერგიული რეაქცია იყო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზესტაფონის მერიის მოადგილეს, დავით მაღრაძეს, რომელმაც განმარტა, რომ ორივე გარდაცვალება დამოუკიდებელი შემთხვევაა და ერთმანეთთან კავშირში არ არის. მისივე თქმით, რეგიონში არ შეინიშნება კრაზანების ოდენობის მატება.

“ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევაა და ეს სოფლები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. ერთი შემთხვევა მოხდა სოფელ ბოსლევში. ეს პიროვნება იყო წასული სოკოს საკრეფად და ტყეში შემთხვევით გადააწყდა კრაზანების ბუდეს, ხელით შეეხო და 3-4-მა კრაზანამ უკბინა. ეს პირი იყო ალერგიული, სანამ სახლში მოვიდა, ის ძალიან შეუძლოდ გახდა, სახლში თავისი ფეხით მოვიდა, თუმცა მოსვლიდან მალევე გარდაიცვალა.

მეორე შემთხვევა კი მოხდა სოფელ ცხრაწყაროში. აქაც კაცს კრაზანამ უკბინა. თუმცა, როგორც მე ვიცი, ეს კაცი იყო ძალიან ალერგიული და სახლში მზად ჰქონდათ კიდეც წამლები, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ორი დამოუკიდებელი შემთხვევაა, უბრალოდ, დაემთხვა ერთმანეთს,“ – ამბობს დავით მაღრაძე.

მისი თქმით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც მას ეს თანამდებობა უკავია, ზესტაფონში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მაღრაძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც რაიონში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლები დაიწყო, კოღოებისა და კრაზანების ოდენობამ პირიქით, იკლო.

ნეტგაზეთმა ასევე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ ორივე შემთხვევა ალერგიული რეაქციის შედეგია. მათივე თქმით, თუ ადამიანი ალერგიული არაა, იმისთვის, რომ კრაზანის შხამმა ის მოკლას, დაახლოებით 1 000 ნაკბენია საჭირო.

რაც შეეხება რჩევებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას დაკბენის შემდეგ მოსახლეობას ურჩევს, ექიმთან მიმართვამდე შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინოს:

  • იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია
  • დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით
  • ფრთხილად მოიცილოს ნესტარი  კანის ზედაპირიდან
  • დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად
  • არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება.
  • დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ექიმის დანიშნულების მიხედვით
  • მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიას, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომის) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს

მასალების გადაბეჭდვის წესი