ახალი ამბები

კალაძე: გამიხარდებოდა სებ-ისგან მეტი ინფორმაციის მიღება, როგორ დასტაბილურდეს ლარი

31 ივლისი, 2019 • 908
კალაძე: გამიხარდებოდა სებ-ისგან მეტი ინფორმაციის მიღება, როგორ დასტაბილურდეს ლარი

თბილისის მერი კახა კალაძე ლარის გაუფასურებას აქციებს, ტურისტების შემცირებულ ნაკადსა და გარე ფაქტორებს უკავშირებს. დედაქალაქის მერი ამბობს, მოხარული იქნება, თუ ეროვნული ბანკისგან მეტ ინფორმაციას მიიღებს იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებისთვის:

“ლარის კურსს რაც შეეხება, არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, მოვლენები როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, ეს არის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, გარე ფაქტორები.

ყველაფერმა ამან ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს. ეს არის ძალიან ცუდი, თუმცა მე, ალბათ, ძალიან გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება წავიდეს და ის, რაც არის დღეს კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არის ზედმეტად გაუფასურებული”, – ამბობს კალაძე.

ლარი ბოლო პერიოდში ყოველდღიურად რეკორდულად უფასურდება. 31 ივლისის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.97 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარი კიდევ უფრო ძვირი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი