ახალი ამბები

საქსტატი: 2018 წელს ყველაზე მეტი პირველადი დიაგნოზი სუნთქვის ორგანოთა დაავადებებზე დაისვა

31 ივლისი, 2019 •
საქსტატი: 2018 წელს ყველაზე მეტი პირველადი დიაგნოზი სუნთქვის ორგანოთა დაავადებებზე დაისვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

კერძოდ, საქსტატში აცხადებენ, რომ ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 14.1 პროცენტით; სიმსივნეების – 10.3 პროცენტით; საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების – 30.7 პროცენტით; კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით; ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით.

ამასთან, გაზრდილია შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების  შემთხვევები- 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 14.1 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების – 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით.

საქსტატის განცხადებით, ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 პროცენტი) ავადმყოფობები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო.

საქსტატის განცხადებით, საავადმყოფოებში საწოლთა ფონდმა 16.0 ათასი შეადგინა. რაც შეეხება საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელს, ეს მონაცემი 2018 წელს 4.9 დღე იყო (2017 წელს – 5.2 დღე), ხოლო დატვირთვა – 187.2 დღე (2017 წელს – 180.5 დღე).

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი