ახალი ამბები

“ქართული ოცნების” 7 წელი და “41 სირცხვილი” ლევან ბერძენიშვილის შეფასებებით

31 ივლისი, 2019 • 4201
“ქართული ოცნების” 7 წელი და “41 სირცხვილი” ლევან ბერძენიშვილის შეფასებებით

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების 41-ე დღეს ორგანიზატორთა მიერ მომზადებული ტელეგადაცემის სტუმარი ლევან ბერძენიშვილი იყო. წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა სტუმართან ერთად წარმოადგინა ” “ქართული ოცნების” 41 სირცხვილი” – გახმაურებული საქმეების, გადაწყვეტილებების, ინციდენტების, საკანონმდებლო ჩანაწერების თუ საჯარო ფიგურების ჩამონათვალი, რომლებიც პროტესტის ორგანიზატორებს მმართველი გუნდის მთავარ შეცდომებად მიაჩნიათ.

გადაცემის მსვლელობისას წამყვანი მინის აკვარიუმიდან იღებდა თეთრ ფურცლებს, რომლებზეც თითო “სირცხვილი” იყო დატანილი, ლევან ბერძენიშვილი კი პარლამენტის წინ შეკრებილებს მისეულ შეფასებას სთავაზობდა. ორგანიზატორთა თქმით, ჯამში, ამჟამინდელი ხელისუფლების “სირცხვილთა სიის” ჩამოწერისას 70-ს გასცდნენ, თუმცა აქციაზე, სიმბოლურად, 41 მათგანი წაიკითხეს.

“ნეტგაზეთი” წარმოგიდგენთ როგორც ” 41 სირცხვილს”, ისე სტუმრის კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

  • სირცხვილი #1: რუსეთიდან ფრენების სუბსიდირების მცდელობა;

ლევან ბერძენიშვილი: “მე ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა არ არის. ეს დანაშაულია და თავის დროზე ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული. მაგას ვერ განახორციელებენ. “ქართული ოცნება” არის ხელისუფლება, რომელიც ბევრს ბაქიბუქობს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს ხოლმე. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას ბოლომდე მიიყვანენ, ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ვის თავშიც ეს იდეა დაიბადა, ის ქართული თავი არ არის. ეს ანტიქართული ნაბიჯია”.

  • სირცხვილი #2: 2019 წლის 17 მაისი – დაუცველი აქტივისტები;

“ხელისუფლება, რომელმაც ლამის 100 000 სპეცრაზმელი გამოიყვანა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, აცხადებს, რომ 5, 17, 20 კაცის დაცვა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ფარისევლობენ: დაცვა შეეძლოთ, თუმცა  ის პოლიციელები, ვინც დავინახე, ვისი დამცველები არიან, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. რა თქმა უნდა, განსხვავება არის პატრულსა და სპეცრაზმს შორის, მაგრამ ეს ჩვენ ვერ ვიგრძენით. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც კარგად იქცევა და მოიქცევა, მაგრამ ის მხეცები, ვინც ჩვენ ვნახეთ, არავის დამცველები არ არიან. ამიტომ ტყუილია, რომ არ შეუძლიათ, მაგრამ შინაგანად ისინი მხეცების მხარეს არიან, კოლექტიური ლევან ვასაძეები არიან ისინიც”.

  • სირცხვილი #3: აქციზების გადასახადების ზრდა;

“ეკონომისტი არ ვარ, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს არის პანიკური ნაბიჯი ეკონომიკაში. პირიქით უნდა ხდებოდეს, გადასახადები უნდა მცირდებოდეს და ხალხს უჩნდებოდეს სურვილი, მეტი იმუშაოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. საკუთარი თავის წინააღმდეგ დგამენ ამ ნაბიჯებს, რადგან აქციზების ზრდა იწვევს ფასების ზრდას, ფასების ზრდა კი ისედაც გაღატაკებული მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას და ნაკლებ ენთუზიაზმს, რომ თავისივე გამაღატაკებელს მისცეს ხმა”.

  • სირცხვილი #4: მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე;

“მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე იყო საქართველოს ხელისუფლების ღირსების საქმე: ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ არ ვართ. ჩვენმა სახელმწიფომ გადასარევად იცოდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის კარგი და უდანაშაულო კაცი. მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ, რომ გადავცეთ თურქეთს, იქ თურმე ციხეში იდეალური მდგომარეობა ყოფილა. ერთმა მინისტრმა, რომელზეც დიდი ეჭვი გვაქვს, რომ საღად ვერ აზროვნებს, გვითხრა, რომ ეს იცის. საიდან?

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მთელ პლანეტაზე ერთ-ერთი სასტიკი, დაუნდობელი და ცუდი ციხეა. სისულელე იყო ეს და ამ ღირსეულ კაცს ჩვენები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. ეს საქართველოს სირცხვილი იყო. ასეთ რამეს ჩაიდენს ხელისუფლება და მერ შევრცხვებით ჩვენ, ყველა. ვიღაცას შთაბეჭდილება დარჩება, იქიდან რომ შემოგვითვლის რამეს არალიბერალი პრეზიდენტი, რომელმაც ნელ-ნელა წაგება დაიწყო, ყველაფერს ვასრულებთ. იმას მაინც დავაკვირდეთ, რომ [ბოლო არჩევნებზე] დედაქალაქი წააგო და ამის შემდეგ მაინც არ შევუსრულოთ ყველა სურვილი”.

  • სირცხვილი #5: აღუსრულებელი ანტისაოკუპაციო კანონი;

ანტისაოკუპაციო კანონი სრულყოფილიც არ არის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კანონს უნდა აეკრძალა გავრილოვის ჩამოსვლა. ყველას, ვისაც ხმა აქვს მიცემული საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოგლეჯისთვის, საერთოდ უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა. მიუხედავად ამისა, რაც არსებობს, ხელისუფლება იმ კანონსაც არ ასრულებს.

  • სირცხვილი #6: საგარეო და შიდა ვალის უპრეცედენტო ზრდა;

“ის, რაც ახლა ხდება, კატასტროფაა. საქართველომ აიღო ორიენტაცია მარტო ერთ სექტორზე და გადააკვდა მარტო ტურიზმს. ეს არ არის კარგი, რადგან ეს ტურიზმი ყოველთვის საფრთხეშია, როცა შენი მეზობელი რუსეთია და როცა ჩვენი ტურიზმი ქაჩავდა მაინცდამაინც რუსეთის ამბავს.

ამიტომ, ამ შიდა და გარე ვალებს დაემატება მილიარდი, რომელიც არ შემოვა ახლა და ხელისუფლების კატასტროფა სახეზე იქნება. ის ამას დაგაბრალებთ თქვენ. ის უკვე ცდილობს თქვას, რომ ლარი იმიტომ დაეცა, რომ ახალგაზრდები არიან შეკრებილნი რუსთაველზე”.

  • სირცხვილი #7: არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებები;

ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ ასე: ძალიან ხშირად ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ცენტრიდან მოდის და გააზრებულია. ჩემთან ზონაში ერთი კარგი კაცი იჯდა და ის მეუბნებოდა: нет, ребята, у них просто бардаг (არა, მეგობრებო, მათ უბრალოდ განუკითხაობა აქვთ). სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ცენტრიდან არ მოდის ყველაფერი იმიტომ, რომ ადგილზე ყოფნის იდიოტები. დააკვირდით, რამდენი ჩამოყალიბებული სულელი კაცი აღმოჩნდა საკრებულოებში…

…ლათინურში ერთი გამოთქმაა: მასწავლებლის გარეშეც ისწავლება სისულელეები. ჰოდა, ჩვენ სულელი ხალხი ბლომად გვყავს მთავრობაში და მასწავლებლები მათ არ სჭირდებათ; თავადაც კარგად მიქარავენ ხოლმე.

  • სირცხვილი #8: კორცხელის ინციდენტი და დაუსჯელობის სინდრომი;

“კორცხელის ინციდენტზე დაგვპირდნენ, რომ უსასტიკესად გამოიძიებდნენ, მაგრამ მაშინვე ვიცოდით, რომ ასე არ მოხდებოდა იმიტომ, რომ კაცი, რომელიც ამ სიტყვას გვეუბნებოდა – თბილისის მერი – შემჩნეულია უპირობაში. ყველაფერთან ერთად, რომ არაკვალიფიციურია, ლაპარაკი არ იცის, ყველაფერთან ერთად, გვატყუებს ხოლმე. არასოდეს დასჯიან მარბიელებს. რატომ არ მიდის[გახარია]? იმიტომ, რომ ის გააკეთა, რაც გააკეთა. რომ არ გაეკეთებინა, გაუშვებდნენ. მარბიელის გაშვების უნარი არ აქვთ იმიტომ, რომ შინაგანად არიან კაციჭამიები, როცა ეშინიათ”.

  • სირცხვილი #9: პოლიტიკური ოპონენტების დევნა

ბევრი ლაპარაკი მიდის იმაზე, რის გამოა დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ მინდა იცოდეთ: რეპრესია არის რეპრესია. ირაკლი სადაც ზის, იქ შეიძლება ვიჯდე მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენგანი. რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელი და გვარი აქვს, ვის აქვს სიმპათია და ანტიპათია. ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია, 20 კაცი პოლიტიკური პატიმარია და ყველანი უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, როგორც ამას ითხოვს საერთაშორისო კანონმდებლობა.

  • სირცხვილი #10: ბოტების ქარხნები;

უნდა გითხრათ, რომ ყველაფერს სჭირდება ტალანტი. ის კაცი, ვინც ბოტებს ხელმძღვანელობს, დაიბადა უნიჭოდ. მთელი ცხოვრება იცხოვრა, როგორ უნიჭო ადამიანმა. მთელი საქართველოს თვალწინ ცოდვილობდა რაღაცას ტელეეკრანზე. ახლა ცოდვილობს ამ 800-ლარიანი ბოტებით. უნდა გითხრათ, რომ ბოტების დამარცხებული არც ოპოზიცია და არც ახალგაზრდობა არ გამიგია მე. ბოტები ნიშნავს სისუსტეს; ნიშნავს იმას, რომ თუ ხელისუფლება ამ ხალხის იმედზეა, მისი საქმე ცუდადაა.

მინდა შევუთვალო ბოტების ხელმძღვანელს, პიარის ხელმძღვანელებს და ა.შ: ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, რაიმე შანსი თუ გექნებათ მომავლის საქართველოში? ვინ იქნებით თქვენ? ხალხი, რომელსაც გავიხსენებთ, რომ ფურთხის ღირსია. ბოტი ნიშნავს ამას.

  • სირცხვილი #11: ია კერზაიას საქმე;

ია კერზაიას საქმე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე. აკვიატებული აქვთ, რომ თუ ხარ სკოლის დირექტორი და ხელფასს გიხდი, უნდა იყო ჩემი მომხრე. ასე ჰგონიათ, რომ ხელფასი არის მათი. ეს ხელფასი არის ჩვენი, ჩვენი გადახდილი იყო და ია კერზაია ვის მხარესაც იქნებოდა, ეს მისი ნება უნდა ყოფილიყო.

ეს ღვთისმოსავი, შესანიშნავი პედაგოგი, კარგი ადამიანი, მიიყვანეს სიკვდილის პირას და არც კი აპირებენ გამოძიებას. თუმცა თქვეს, რომ გამოიძიებენ, მაგრამ ისეთმა უპირო ხალხმა თქვა, რომ არ გამოიძიებენ, რა თქმა უნდა. ეს საქმე გამოძიებული იქნება მომავალში, დამნაშავეები იქნებიან დასჯილნი და მინისტრი ბატიაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს ამ და სხვა სისულელეების გამო.

  • სირცხვილი #13: კაბელების საქმე;

“ეს ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკაა: დაგიახლოვებს და მერე თუ შეატყო, რომ პოპულარული ხდები, გაგიხსნის კაბელების საქმეს. კაბელების საქმის გარდა მანამდეც იყო ასეთი შემთხვევა. თუ გახსოვთ, მან თქვა, რომ როცა მინისტრზე ეჭვია, ის უნდა გადადგეს და გამოვიძიებთო. [მაგრამ] როცა გახარიაზეა ეჭვი, ის არ უნდა გადადგეს. კაბელების საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი, მაგრამ სჭირდებოდა ირაკლი ალასანიას მოსათვინიერებლად და მის წინააღმდეგ”.

  • სირცხვილი #14: ლარის ანტირეკორდები;

ლარის დაცემას აბრალებენ ამ აქციებს, რაც თავისთავად ახალი აზროვნება არის, ახალი სოკრატეები და პლატონები დაიბადნენ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, მოვესწრებით იმას, როცა ლარი გადაცდება სამიანის ნიშნულსაც. ძალიან საწყენია, მაგრამ ჩვენი ვალუტაა და ჩვენი მოსავლელი იქნება. ამიტომ, გულის ფანცქალით ვუყურებთ.

  • სირცხვილი #15: შეტევა კლუბებზე;

“შეტევა კლუბებზე იყო შეტევა იმ ხალხზე, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ მათი გულშემატკივრები არ არიან. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ახალგაზრდებში არ აქვთ სერიოზული დასაყრდენი. მათ სერიოზულად ვერ შექმნეს კომკავშირი, სერიოზული ახალგაზრდული ორგანიზაციები ვერ შექმნეს. ფულით დაკავებული ბოტები მაინცდამაინც დიდი პოტენციალი არ არის. ამიტომ, ადგნენ და შეუტიეს.

ეს პირველი მოსინჯვა იყო, როცა, აბა, როგორი იქნება ახალგაზრდობა და მთლად ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინათ.  ბიძინა ივანიშვილი ზომავს იმ ახალგაზრდებით, რომლებიც სახლში ჰყავს. ჰგონია, რომ მისი შვილებით შეიძლება გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში. ეს მისი შეცდომაა. მან არ იცის ეს ქვეყანა, არ იცის ახალგაზრდობა”.

  • სირცხვილი #16: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ზიანის შემცირების ჩაგდებული პროგრამა;

საქართველოში ლიბერალიზმის ბევრ ვინმეს არ სჯერა. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ნარკოპოლიტიკა იქნება ლიბერალური, მთელი საქართველო გახდება ნარკომანი. ვეუბნებით, რომ მაგალითები არსებობს, ჰოლანდია, საფრანგეთი, პორტუგალია… გვეუბნებიან, რომ არა, საერთაშორისო კანონები საქართველოზე არ მოქმედებს, ვითომ ჩვენ რამე განსაკუთრებული ხალხი ვიყოთ.

რა თქმა უნდა, პოლიციელის თავში არასოდეს ლიბერალური კანონი არ ჩამოყალიბდება, ეს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. პოლიციელი როცა წყვეტს, ნარკოპოლიტიკა როგორი უნდა იყოს, ის იქნება სასტიკი. თუკი პარლამენტი, ხალხი, ახალგაზრდობის აზრს გაითვალისწინებენ, ის იქნება ლიბერალური, რაც შეამცირებს ნარკომანიას და გაზრდის ქვეყანაში ახალგაზრდობის პოტენციალს. ეს ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ როცა სიტყვა “ლიბერასტი” გახდება პოპულარული ქვეყანაში და შალვა რამიშვილის იდეები იქნება პოპულარული, იმ ხალხში ძალიან ძნელი ასახსნელია, ლიბერალური პოლიტიკა სად გაამართლებს და სად არა. ეს განათლების საკითხია.

  • სირცხვილი #17: “რუსთავი 2”-ის საქმე;

“რუსთავი 2”-ის საქმე დახატულია ასე, რომ ორი კერძო ძალა იბრძვის ერთმანეთის წინააღმდეგ და ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო. სინამდვილეში, ბრძოლა მიმდინარეობს მისი სარედაქციო პოლიტიკის გამო. “რუსთავი 2″ არის ღრმად კრიტიკული; შესაძლოა, არაობიექტური, მაგრამ რატომ უნდა იყოს ობიექტური, არ მესმის კარგად. აშშ-ში CNN-ზე აქვს ნათქვამი პრეზიდენტს, რომ არ არის ობიექტური, მაგრამ მის დახურვაზე და პოლიტიკის შეცვლაზე არ უფიქრია.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან შეუწყო ხელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ბოლომდე არ იყო გულწრფელი, მე ვფიქრობ. მე ევროპის სასამართლოს წინააღმდეგ ხმას როგორ ამოვიღებ, მაგრამ გულსატკენია, რომ უფრო ღრმად არ ჩაწვდნენ ამ საკითხს და ვერ მიხვდნენ, როგორ გამოიყენებდნენ მათ პატიოსან გადაწყვეტილებას უპატიოსნო ქართველი ხელისუფლები”.

  • სირცხვილი #18: ახალქალაქი-ყარსი რკინიგზის პროექტის შეჩერება;

“მავნებლობაზე მეტი – სხვა სიტყვა არ მომდის თავში იმიტომ, რომ ყველა ასეთი პროექტი საქართველოსთვის არის ხსნა, ამოსუნთქვა. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ამით უნდა გვესარგებლა და უნდა ვისარგებლოთ. ეს შეჩერება დროებითია იმიტომ, რონ ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება ამ საქმეს მოაგვარებს”.

  • სირცხვილი #19: სამყაროს მეექვსედისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება[საქართველოში შემოსვლის გართულება];

“საქართველოს ძალიან უცნაური პოლიტიკა ჰქონდა ამ საკითხში. გამოცხადდა, რომ ტურიზმი არის თავი და ბოლო ყველაფრის, ეკონიმიკის საწყისი, ბოლო და შუაგული.  თან ტურიზმი, გინდა თუ არა, რუსეთიდან. ეს იყო შეცდომა. ირანთან დაკავშირებით ეს რთული საკითხია, მოგეხსენებათ. რაც შეეხება ინდოეთს და სხვა, გამოყენებული იქნა ვასაძეები და ასეთები, თითქოს ინდოელები ჩამოვლენ საქართველოში და დასახლდებიან. ასეთი საფრთხე არ არსებობს. თუ ასეთ საფრთხეს ხედავენ, ბათუმში სახლები ვინ იყიდა, მიაქციონ ყურადღება. არც ინდოელებს უყიდიათ, არც ირანელებს. სულ რუსები ყიდულობენ, მაგრამ პრობლემას ვერ ხედავენ”.

  • სირცხვილი #20: პანორამა თბილისი;

“ეს არის ნომერი პირველი სირცხვილი, რადგან პანორამა თბილისი, ეს ნიშნავს ბიძინას თბილისს. ბიძინა ივანიშვილს ეზიზღება ეს ქალაქი, ბევრჯერ გამოუხატავს ეს პირად საუბრებში. პანორამაში უნდა აჩვენოს, როგორ მოაჯდება არქიტექტურულად თავზე ძველ ქალაქს. ის აუშნოებს ქალაქს. ეს რომ იყოს ის ცათამბჯენები, ბათუმში რომ შენდება, იმაზე კამათი შეიძლება, კარგია თუ ცუდია. პანორამა თბილისი აშკარად მახინჯი არქიტექტურული საზიზღრობაა, რომელიც თუ აშენდება, უნდა დავანგრიოთ”.

  • სირცხვილი #21: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის მითი. ის არასოდეს აშენდება. 60 ათასი სტუდენტი იქ არ იქნება. საქართველოს არ სჭირდება ასეთი უნივერსიტეტი. სხვათა შორის, რისი მემკვიდრეცაა, არც ის სჭირდებოდა, თუმცა მე არ მკითხეს არც მაშინ და არც ახლა. ვერ აშენდება. არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს რა ფულით უნდოდა მაგის გაკეთება. ახლა, როცა ფული არაა ქვეყანაში, განათლებაში რომ არ ჩაიდება ის ფული, რომელიც არ შემოვა, ეს სრულიად ნათელია. ეს კიდევ ერთი ზღაპარია, მსგავსად “5 მილიონი ყველა სოფელს” და ა.შ.

  • სირცხვილი #22: საყდრისის აფეთქება;

“საყდრისის აფეთქება არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინა საქართველომ. მე ჩემმა პარტიამ წარმადგინა იმ კომისიაში, რომელიც უნდა შექმნილიყო პარლამენტში და ვაპირებდი, იქ სერიოზული სიტყვა გვეთქვა. თუმცა, მოგეხსენებათ, ისე გააკეთეს ეს ამბავი, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე მოვიჭერით თავი. კულტურული თვალსაზრისით ეს იყო კატასტროფა. დღევანდელი კაპიკების ხათრით წარსულის მილიარდზე ითქვა უარი. მსგავსი იდიოტობა შეიძლება მოუვიდეს გაუნათლებელ, ბნელ, გამოუსვლელ ადამიანს. კულტურის მინისტრიც ასეთი იყო მაშინ, რომელიც კარგია, რომ წაბრძანდა თუ წააბრძანეს”.

  • სირცხვილი #23: მაჩალიკაშვილის საქმე;

“ერთ-ერთი ყველაზე სირცხვილი, რომელიც ამ ხელისუფლებას გაჰყვება სამუდამოდ იმიტომ, რომ ის არ აპირებს ამ საქმის გამოძიებას. მაჩალიკაშვილის საქმე არის ქართველი ერის ღირსების საქმე. იშვიათად მინახავს საქართველოში ისეთი ღირსეული ადამიანი, როგორიც არის მალხაზ მაჩალიკაშვილი. ეს არის გმირი კაცი. ჩვენ მის წინაშე ყველანი დამნაშავენი ვართ. მისი შვილის ამბავი აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, როცა დადგება ამის დრო. ეს სირცხვილი უნდა ჩამოირეცხოს ქართველმა ხალხმა, იმიტომ, რომ სჩადის დანაშაულს ერთი და ბრალდება ერთ ხალხს. კავკასიაში არავინ გვყავს ისეთი ძმა, როგორებიც ჩვენი ქისტები არიან”.

  • სირცხვილი #24: უპასუხო მცოცავი ოკუპაცია;

საერთოდ, რუსეთის პოლიტიკა სულ უფრო და უფრო თავხედური ხდება იმიტომ, რომ სულ უფრო და უფრო დამთმობი ხდებოდა საქართველოს ხელისუფლება. მცოცავი ოკუპაცია არ არის მარტო ის, რომ საზღვარზე მავთულხლართებს გვიკეთებენ. მცოცავი ოკუპაცია არის, აქ რომ გავრილოვი დაგვისვეს; მცოცავი ოკუპაციაა, როცა აქ ასეთი ამბები ხდება და საქართველოს ეკლესია ხმას არ იღებს. ერთი სიტყვა ახალგაზრდების სასარგებლოდ როგორ არ ითქვა? ეს იმიტომ, რომ ყველამ იცის, ვისიც არის ეს ორგანიზაცია, რომელ ქვეყანას ეკუთვნის და ვისი გულშემატკივარია მისი უმრავლესობა. ამაშია საქმე. ესაა მცოცავი ოკუპანტის მთავარი ძალა საქართველოში.

  • სირცხვილი #25: სალომე ზურაბიშვილი;

“როგორ გითხრათ… კომუნისტების დროს იყო ასეთი ანეკდოტი: შევიდნენ მაღაზიაში, სადაც გოჭი დევს გასაყიდად. რა ღირს ეს გოჭიო? აირჩიეთ, რომელი გინდათო? ერთია, როგორ ავირჩიოთო? ასეთივე არჩევნები გაქვთ თქვენო.

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ასეთივე არჩევნები გამოგვივიდა: გვქონდა შანსი, არ აგვერჩია სალომე ზურაბიშვილი. ყველა ის ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა პოლიტიკოსი, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო და აცხადებდა, რომ არ გვაქვს არჩევანი, არ წახვიდეთ არჩევნებზე და ა.შ; როცა ოპოზიციამ ოპოზიციას არ დაუჭირა მხარი, ეს ჩვენი ბრალია”.

  • სირცხვილი #26: შეტევა წიგნის ცენტრსა და მწერალთა სახლზე;

როცა ფრანკფურტში ყველასთვის მოულოდნელად, განსაკუთრებით, ხელისუფლებისთვის მოულოდნელად, გვქონდა წარმატება, ეს წარმატება ქართველ ხალხს და ქართველ მწერლობას გაუხარდა, თუმცა მთავრობას არ გაუხარდა, რადგან მწერლობა ჩემი არ არისო. ეს მაშინვე გამოხატეს, როცა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკფურტს სახელმწიფო ხარჯებით გასეირნება უწოდა.

…ორი ორგანიზაცია[წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი], რომელიც კარგად მუშაობდა, რომლებთანაც სიამოვნებით ვთანამშრომლობდი, როგორც ჩანს, მთლიანად არ კონტროლდებოდა მათ მიერ და ქალბატონი დეაც[წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი] და ქალბატონი ნატალიაც{მწერალთა სახლის დირექტორი] აღმოჩნდა ძვალი, რომელიც ყელში ეჩხირებოდათ. ქართული მწერლობის წარმატება აღმოჩნდა მათთვის მტკივნეული.

…ჩვენ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს: მთავრობა არ გვივარგა, მწერლობა გვივარგა. შეიძლება, პირიქით სჯობდეს, მაგრამ მე მწერლობის გულშემატკივარი ვარ. თუ კარგი მწერლობა გვყავს, მომავალიც გვაქვს და მთავრობასაც გამოვცვლით.

  • სირცხვილი #27: უშიშროების საბჭოს გაუქმება;

თავისთავად, ასეთი ორგანიზაციის გაუქმება ნიშნავს, რომ ქვეყანა აცხადებს: მას არ უნდა, საჯაროდ ვინმეს გაუზიაროს თავისი საიდუმლოებები. ბიძინა ივანიშვილი ახლა მარტოა უშიშროების საბჭო, მარტო, ერთი კაცი. ის მსჯელობს, ხანდახან შალვა რამიშვილსა და ასეთებს დაიყენებს გვერდით და რაღაც ჭკვიანურს მოიფიქრებენ ხოლმე.

უშიშროების საბჭო, ეს არის ორგანო, რომლის გარეშეც დედამიწის ზურგზე ქვეყანა არ არსებობს. სომხეთსაც აქვს, აზერბაიჯანს აქვს, თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და ოსეთს აქვთ და საქართველომ გააუქმა. გააუქმა იმის ხათრით, რომ კრიზისების რაღაცას შევქმნიო და ისიც არ აქვს, არც კი შეუკრებიათ. ეს იყო ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი. ეს დანაშაულია, ეს შეცდომა არ არის. ამ დანაშაულისთვის მისი პატრონები თავის დროზე აგებენ პასუხს.

  • სირცხვილი #28: თვითმმართველი ქალაქების გაუქმება;

“ვფიქრობ, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ხელისუფლება არ აპირებს დემოკრატიის გზით სვლას. რაც უფრო მეტი საკითხი წყდება ქვემოთ, ზემოთ შეკითხვების გამოგზავნის გარეშე, მით მეტია დემოკრატია. ამიტომ, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ნიშნავდა ცენტრალიზებისკენ და ერთპარტიულობისკენ სვლას, დემოკრატიაზე უარის თქმას”.

  • სირცხვილი #29: ლევან აბზიანიძის საქმე;

როგორ გითხრათ, ასეთი საქმეები არის ბევრი. ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება უძლურია და ხანდახან არ გააკეთებდა იმას, რასაც აკეთებს, რომ ჰქონდეს სხვა შანსი. როცა კედელთან ხარ მიყენებული და შეცდომების გენერირების მეტი შანსი არ არის, ასეთი უბედურებები მაშინ ხდება ხოლმე.

  • სირცხვილი #30: მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა;

“ერთ-ერთი მითოსი, რომ პატრიოტიზმი მდგომარეობს იმაში, რომ მიწა არ უნდა იყიდოს უცხოელმა. მათ ჰგონიათ, რომ ამით ხმებს მოიპოვებენ, როცა ქართველს ეტყვიან, რომ “ისეთი პატრიოტი ვარ, ჩინელს არ მივყიდე ქართული მიწა!” ესაა ჩვეულებრივი “ბლა ბლა ბლა” ლაპარაკი. მიწა იყიდება ყველგან. საქართველო ამ სისულელით იკლებს ყველაფერს, იმიტომ, რომ ინვესტორი რომ შემოდის, რაღაცის გაკეთება რომ უნდა, მიწა სჭირდება. შტერობაა, რა თქმა უნდა. ჰგონიათ, რომ საქართველო იყიდება, როცა მიწა იყიდება”.

  • სირცხვილი #31: ზვიად რატიანის საქმე;

ზვიად რატიანის საქმე არის ასეთი საქმე: ის არის ქართველი კაცი, პოეტი, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, კანონმორჩილი, წესიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელიც პოეტებმა იციან ხოლმე ხანდახან, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გააჩერეს და დაუწუნეს ქურთუკის ფერი. მან თვითონ განმარტა, რომ ეს ქურთუკი ფერის კი არა, სიიაფის გამო იყიდა, რადგან პოეტებს ფული არ აქვთ საქართველოში. არ მოუწონეს ეს ფერი. ამასთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი, სცემეს, შემდეგ ნაცემი კაცი, როდესაც ის უკვე იგინებოდა, გადაიღეს. გადაიღეს არა ისე, როგორც პატრული უნდა იღებდეს, არამედ ტელეფონით. დაარღვიეს ყველა კანონი.

…მე, მაგალითად, სამაგალითოდ დავსჯიდი იმ სამ პოლიციელს, ვინც ზვიად რატიანზე ხელი აწია. [მაგრამ] ეს არის ყველა ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლება, ვერ იტანს თავისუფლების ზონებს. ვერ იტანს ამ ადგილს, მწერალთა სახლს, წიგნის ცენტრს და ა.შ.

  • სირცხვილი #32: 376 დაღუპული და 1081 დაზარალებული საწარმოო შემთხვევებზე;

“საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, “ქართულ ოცნებას”, ჰქონდა დიდი ოცნება, გამხდარიყო, ევროპის სახალხო პარტიის წევრი. მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” არის ამ პარტიის წევრი და ამიტომ ვერ გახდნენ. ამის შემდეგ ბიძინას ლიბერალობა უნდოდა და იქ ჩვენ ვიყავით, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. ამიტომ გახდნენ სოციალისტები. რომ იცოდეთ, ჩვენი პარტია არის ევროპაში სოციალისტური პარტიის წევრი.

სოციალ-დემოკრატიული პარტია მართავს ქვეყანას, სადაც ასეთი მსხვერპლია, შრომის უფლებები საერთოდ არ არსებობს. როცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ვხელმძღვანელობდი, შემოვიტანე კანონპროექტი და გავიტანე პირველი მოსმენით მომხმარებელთა უფლებებზე. ბატონი გახარია ბრძანდებოდა ბიზნესომბუდსმენი და ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე მოსმენით ვერ გასულიყო. თვლიან, რომ არათუ მოქალაქეს, მუშას უნდა ჰქონდეს რამე უფლება, არამედ, მიიჩნევენ, რომ ასეც უნდა იყოს! ისინი ბატონები არიან, აშენებდნენ და ჩვენ უნდა ვიხოცებოდეთ”.

  • სირცხვილი #33: აბაშიძე-კარასინის ფორმატი;

აბაშიძე-კარასინის ფორმატმა კარასინის სახით ჩაილურის წყალი დალია და ძალიან კარგი. ახლა იპოვიან ვინმე ახალ კარასინს, რადგან ჩვენი აბაშიძე ყველასთან თანამშრომლობისთვის არის მზად. აბაშიძეზე რა უნდა ვთქვათ, რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. ეს ფორმატი არ უნდა არსებობდეს, გასაუქმებელია და შემდეგი ხელისუფალი ამას გააკეთებს, დარწმუნებული ვარ. თუ რამე ურთირთობა არის რუსეთთან საჭირო, შვეიცარიის საელჩოს გავლით შეიძლება, ეს გვქონდეს. ჩვენ არ გვაქვს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა. აბაშიძე-კარასინის ყველა შეხვედრა იყო დანაშაული.

  • სირცხვილი #34: ჩატაევის საქმე;

დეტალები არ ვიცით, რატომ გამოუშვეს პოლიტპატიმრების სიით, რა იმედი ჰქონდათ, რაში გაუმართლა და რაში არა, ვინ შემოიყვანა საქართველოში… ტერორისტი, რომლის ცნობაც ყველა ბავშვს შეეძლო, რატომღაც ვერ იცნეს და იოლად შემოაღწია საქართველოში. ეს საქმე გამოსაძიებელია თავიდან ბოლომდე და ჩვენი ძალიან საეჭვო უშიშროება ამაზე პასუხს აგებს.

  • სირცხვილი #35: ტატუნაშვილის საქმე;

ჩვენი ხელისუფლების უგერგილობის, უხერხემლობის, უნიათობის, უნიჭობის, ერთ-ერთი ნიშანია, რომ ვერაფერი ვქენით ამ საქმეში. როცა ასეთი ფაქტები ხდება, ხელების გაშლა იწყება, “რა შეგვიძლია?!” და ა.შ. რა შეგვიძლია და გავრილოვს მაინც ნუ ჩამოიყვან, ეს შეგიძლია. ტურისტებზე, მაინცდამაინც იმათზე ნუ აიღებ ორიენტაციას, ვინც შენი ქვეყნის ოკუპანტია. რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? შეგვიძლია რაღაცები, მაგრამ არ, ვერ ვაკეთებ. შევქმენით სია, მაგრამ ეს სია უსარგებლოა, რადგან ჩვენი ხელისუფლება უავტორიტეტოა ევროპულ სტრუქტურებში.

  • სირცხვილი #36: საზოგადოებრივი მაუწყებელი;

“რომ არ ვიყო ევროკავშირისა და ევროსაბჭოს იდეების მომხრე, იმასაც გეტყოდით, რომ საქართველოს ჰქონდეს ასეთი რამ. უნდა გვქონდეს, მაგრამ ამ ხელმძღვანელობით, ამ ბორდით, გარდა იმ წევრებისა, რომელთაც პატივს ვცემთ, ამ პოლიტიკით, ამ გადაცემებითა და ამ რეიტინგით, ეს ხალხი გინდ ყოფილა, გინდ არა”.

  • სირცხვილი #37: ქართველ სამხედროებზე ინფორმაციის ოკუპანტისთვის გადაცემა;

ეს ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა, როცა საქართველომ ნამდვილად გადასცა ინფორმაცია ოკუპანტ ქვეყანას ქართველ სამხედროებზე და ეს არავითარ შემთხვევაში არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე ტიპის რაიმე ღირსება აქვთ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. ეს სამხედრო, სახელმწიფო ტიპის დანაშაულია, იქნება გამოძიება და დაისჯებიან ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა.

  • სირცხვილი #38: ჩანაწერი კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის შესახებ;

ეს არის საქართველოს ერთ-ერთი სირცხვილი, რადგან საქართველოს აქვს სათანადო კანონმდებლობა, სადაც ისედაც მშვენივრად იყო განსაზღვრული, რა არის ოჯახი. ამ ჩანაწერით საქართველომ თითქოს თქვა, რომ თითქოს მთელი ქვეყანა ვართ ჰომოფობები, გვეზიზღება ეს ხალხი და არ გაბედონ მაგათ რამეზე ოცნებაც კი.

ვის რაში სჭირდებოდა ეგ ჩანაწერი, არ ვიცი, რა მოუტანა, არ ვიცი. ვინც მოაწერა ხელი, მათ შორის, ჩვენმა ზოგიერთმა მეგობარმა პარტიამ, თავი მოიჭრა, ჩემი აზრით, ისტორიის წინაშე. ჩვენ, რესპუბლიკელები, მაგ შემთხვევაში პირნათელი ვიყავით მომავლის წინაშე.

უნდა გვესმოდეს: სამყარო არის მრავალფეროვანი. ყველა უმცირესობა უნდა იყოს დაცული. თუ გვაქვს კანონი, რომელიც ადამიანს იცავს დაშინებისა და უბედურებისაგან, კონსტიტუციაში როგორღა წერ ამის საწინააღმდეგოს?”

  • სირცხვილი #39: გაუაზრებელი და სავალდებულო საპენსიო რეფორმა;

“საპენსიო რფორმა ნამდვილად  გაუაზრებელია. კარგი იდეა შეიძლება გააფუჭო იმით, თუ “ქართულ ოცნებას” ჩაუგდებ ხელში. ხომ გითხარით, “პირველი არხი” რაც არის, კარგი იდეაა, მაგრამ ვასიკოს[ვასილ მაღლაფერიძის] ხელში არის ცუდი იდეა.

ეს იდეა შეიძლება, რომელიმე ქვეყანაში ჭრიდეს, მაგრამ საქართველოში ცუდი აღმოჩნდა. ფული ჩაიდეს უკვე ჯიბეში და, რა თქმა უნდა, არაფერსაც არ აკეთებენ”.

  • სირცხვილი #40: შეტევა უნივერსიტეტებზე[წამყვანმა ახსენა თავისუფალი და შავი ზღვის უნივერსიტეტები];

” “თავისუფალი უნივერსიტეტი” საქართველოს ერთ-ერთი შენაძენია. შენაძენია იმიტომ, რომ ვიღაცამ ფული განათლებაში ჩადო და არა საყდრისის აფეთქებაში. ფული ჩადო იმაში, რაც ღირებული იყო. ამის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, იყო დანაშაული. ეს მარგველაშვილს აქვს მოსანანიებელი. სხვა მხრივ ცუდი კაცი არ არის, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს ცუდი ნაბიჯი იყო. ამ ნაბიჯით იგი პრეზიდენტი გახდა, რადგან იმ კაცმა[ივანიშვილმა] დიაჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებინებდა.

მადლობა ღმერთს, არ გამოუვიდათ. შეტევა უნივერსიტეტებზე კიდევ იქნება. ხანდახან სხვისი ხელებით კეთდება ხოლმე, მაგრამ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ 1-2 უნივერსიტეტი მაინც შევქმენით”.

  • სირცხვილი #41: ბედუკაძის არდაჭერა;

ბედუკაძე დამნაშავეა, მაგრამ არ უნდა დავიჭიროთ, რადგან გამოგვადგაო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გულწრფელი პასუხი. ბედუკაძე რა კაცია, ვიცით; რომელი პოლიტიკური ძალის მიერ არის აყვავებული, ვიცით; რომელი ქვეყნის აგენტია, ვიცით.

…იმის გამო, რომ ნამდვილად გამოადგათ ბედუკაძე, მინდა, ვთქვა: არ უნდა იყო ისეთი ხელისუფლება, რომ შენს წინააღმდეგ ბედუკაძის გამოყენება შეიძლებოდეს. ბედუკაძე იმ და ამ ხელისუფლების ერთობლივი სახეა, სამარცხვინო სახეა. ამიტომ, ჩვენი, ყველას ამოცანაა: ძირს ბედუკაძე, გაუმარჯოს ქართველ ახალგაზრდობას!

მასალების გადაბეჭდვის წესი