ახალი ამბები

დავით ნიკურაძე უარყოფს, რომ პაატა სალიამ მას საინფორმაციოს უფროსობა შესთავაზა

30 ივლისი, 2019 • 2706
დავით ნიკურაძე უარყოფს, რომ პაატა სალიამ მას საინფორმაციოს უფროსობა შესთავაზა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალ მფლობელ ქიბარ ხალვაშს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილება თუ არა საინფორმაციოს უფროსად ამავე არხის ჟურნალისტის, დავით ნიკურაძის დანიშვნა. ამ პოზიციას ამჟამად ნოდარ მელაძე იკავებს.

როგორც ხალვაშმა ჟურნალისტებს უთხრა, მას ნიკურაძისთვის არაფერი შეუთავაზებია, რადგან ეს არის დირექტორის, პაატა სალიას საქმე.

“ნიკურაძის მსგავსი ჟურნალისტი იშვიათია ქვეყანაში”, – ასე უპასუხა მან დასმულ შეკითხვას. რაც შეეხება ტელეარხის დირექტორ პაატა სალიას, მან უარყო, რომ დავით ნიკურაძეს რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობა შესთავაზა.

“ბევრი აბსურდული ინფორმაცია მოდის. არ ვიცი, ვინ იგონებს ამ ყველაფერს…” ,- თქვა პაატა სალიამ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დასმული კითხვის პასუხად. სალიამ დასძინა, რომ ის შეხვდა და ესაუბრა დავით ნიკურაძეს ვაშინგტონში მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით და უარყო მისთვის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტის შეთავაზება.

ინფორმაციას ამის შესახებ არ ადასტურებს თავად დავით ნიკურაძეც.

“2 დღეა ჩამოვედი ვაშინგტონიდან. ვარ შვებულებაში. შევხვდი ახალ დირექტორს, გავიცანი. ვისაუბრეთ ვაშინგტონში ჩვენი ბიუროს საქმიანობაზე. მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა”, – უთხრა ნიკურაძემ ნეტგაზეთს.

დღეს, 30 ივლისს, ქიბარ ხალვაში დაა პაატა სალია შეხვდნენ რუსთავი 2-ის ყოფილ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. აქიმიძე-დვალი მიიჩნევენ, რომ მათ რუსთავი 2 წლების წინ წაართვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი