ახალი ამბები

30 ივლისს ყოფილ ჩეკას სახლთან 1937-1938 წელს რეპრესირებულთა სახელებს წაიკითხავენ

29 ივლისი, 2019 • 2524
30 ივლისს ყოფილ ჩეკას სახლთან 1937-1938 წელს რეპრესირებულთა სახელებს წაიკითხავენ

ხვალ, 30 ივლისს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, ინგოროყვას 22 ნომერთან, სადაც საქართველოს სსრ ჩეკას სახლი მგებარეობდა, 1937-1938 წლებში თბილისში მცხოვრებ მსხვერპლთა სახელებს და გვარებს წაიკითხავენ.

როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში აცხადებენ, 1937 წლის 30 ივლისს გამოვიდა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანება N00447, რის შედეგადაც მიმდინარე პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა:

“საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, რისთვისაც შეიქმნა არასასამართლო ორგანო, ე.წ “ტროიკა”, რომელიც ელემენტარული სასამართლო პროცედურების გარეშე, რამდენიმე წუთში წყვეტდა ადამიანის ბედს. ტერორის მასშტაბები გასცდა კომუნისტური პარტიის ელიტის წმენდას და მძიმე დარტყმა მიაყენა საზოგადოების ფართო ფენებს – განსაკუთრებით გლეხობას – რომელთა მიმართაც იყო დაგეგმილი ეს ე.წ. “კულაკური ოპერაცია”. ამ ბრძანებით, 1937-1938 წლების განმავლობაში და საბჭოთა ტერორის ყველა ეტაპთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში აცხადებენ, 30 ივლისი სიმბოლური თარიღია საბჭოთა მასობრივი ტერორის გახსენებისათვის და აღნიშნავენ, რომ საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სამწუხაროდ, ვერ დამკვიდრდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა გახსენების სამოქალაქო დღე და ადგილი, რაც მეხსიერების კულტურის სისუსტეს და ტოტალიტარიზმის გააზრების პროცესის ჩავარდნაზეც მეტყველებს:

“სახელმწიფომ ვერ მოახერხა ხსოვნის ადგილების მემორიალიზაცია და სათანადო სივრცეების შექმნა. ამიტომ ვფირობთ, რომ მოქმედების დროა – ეს სიცარიელე დღეს საზოგადოებამ უნდა შეავსოს და პრეცედენტები შექმნას. ხვალ, 2019 წლის 30 ივლისს, 12:00 საათზე სიმბოლურად შევიკრიბოთ ინგოროყვას 22 ნომერთან – საქართველოს სსრ ჩეკას სახლთან, რომელიც თბილისში საბჭოთა ტერორის მთავარ და ერთ-ერთ უკანასკნელ უსიტყვო მოწმეს წარმოადგენს, და ხმამაღლა წავიკითხოთ 1937-1938 წლებში თბილისში მცხოვრებ მსხვერპლთა სახელი და გვარები”, – აცხადებენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი