ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო: სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება

29 ივლისი, 2019 • 1838
საგარეო: სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ კი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში, საერთაშორისო ფრენების განხორციელება ვერ მოხდება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას:

“ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რია-ნოვოსტის, 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, “ამჟამად, რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც მომდევნო თვის ბოლოს დასრულდება”.

გუშინვე, აფხაზური მედიით გავრცელებული ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი მიიღო.

სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება – GCAA

მასალების გადაბეჭდვის წესი