კადრები 27-ში გავრცელდა, პატიმარმა, რომელზეც შსს ამბობს, რომ პირველია, 31-ში გაავრცელა – ბესელია

ეკა ბესელიას თქმით, სომხეთში მყოფი პატიმარი, რომელსაც შსს-მ კადრების გავრცელების ბრალდება წარუდგინა, დანაშაულის პირველწყარო არ ყოფილა.

ბესელიას მიხედვით, მიუხედავად იმისა, შსს ამ პირზე ამბობს, რომ კადრები პირველმა სწორედ მან გაავრცელა, კადრების გავრცელების ქრონოლოგია უწყების სიტყვებს ვერ ადასტურებს. ბესელიას თქმით, კადრები პირველად 27 იანვარს გავრცელდა, ამ კონკრეტულმა პირმა კი ვიდეო 30-31 იანვარს გაავრცელა.

“ეს უკანონო ჩანაწერები გავრცელდა 27 იანვრის ღამეს, როდესაც თენდებოდა. მახსსოვს იმიტომ, რომ როგორც კი ინფორმაცია მივიღე, დავუკავშირდი ღამით ძალოვან უწყებებს და ვუთხარი, რომ ეს კადრები ვრცელდებოდა და მიეღოთ რაღაც ზომები.

27 იანვარს რომ დაიწყო ამ უკანონო ჩანაწერების გავრცელება, როგორც ვიცი, ამ პატიმარს აქვს 31 თუ 30 იანვარს [გავრცელებული]… ჯერ ერთი, დროში არ ემთხვევა, რომ ეს პირველწყაროა. ამავე დროს, როდესაც მე პატიმრის შესახებ შევიტყვე, მას შემდეგაც გადავამოწმე საქმის მასალებში. ის ადამიანი არ იყო ჯერ კიდევ დაკითხული, თუმცა მთხრეს, რომ ის არ არის პირველწყარო. და ამას მეუბნებოდნენ ბოლო დღის ჩათვლით, რომ ვერ მეუბნებოდნენ, პირველმა ვინ დაგეგმა ეს დანაშაული“, – ამბობს ეკა ბესელია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება მეორე პირს, რუსეთის მოქალაქეს, რომლისგანაც შსს-ს თქმით, სომხეთში მყოფმა პატიმარმა კადრები მიიღო, ბესელიას თქმით, არც ის ყოფილა პირველწყარო.

“მე კითხვა დავსვი ამ ქალთან დაკავშირებითაც, ეს იყო თუ არა პირველწყარო და მეუბნებოდნენ, რომ არ იყო და ჯერჯერობით ვერ ადგენდნენ, საიდან დაიგეგემა ეს დანაშაული. ეს იყო პასუხი, რომელსაც მე ვიღებდი ამდენი ხნის განმავლობაში“, – განმარტავს ის.

გარდა ამისა, ჟურნალისტთან საუბარში ბესელია ამბობს, რომ ინფორმაციას გამოძიების შესახებ საგამოძიებო უწყებისგან არ იღებს. მისი სიტყვებით, ინფორმაცია პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ბრიფინგით გაიგო.

“მგონია, რომ არც ესაა ნორმალური, ბრიფინგებითა და საინფორმაციო საშუალებებით მაგებინებენ. მე საქმეში მაქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრიფინგი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მე მკითხა ჟურნალისტმა, ამ საქმესთან დაკავშირებით იყო თუ არა რაიმე სიახლე და გაიხსნა თუ არა ეს დანაშაული, და ვუთხარი, რომ არა.

თუ იმას ეძახიან დანაშაულის გახსნას, რომ ერთმანეთს უაზიარებდა რამდენიმე ახალგაზრდა გაცნობიერებულად თუ გაუცნობირებლად ამ უკანონო ჩანაწერს, ეს არ არის დანაშაულის გახსნა, ეს სხვა ტიპის უკანონო ქმედებებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის არცერთი ის პირი, ვინც პირველმა გადაწყვიტა ამ დანაშაულის ჩადენა და დაგეგმვა“, – განმარტავს ბესელია.

შსს-მ 23 ივლისს ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ პასუხსგებაში მისცეს პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნულ პირს ბრალი უკვე წარედგინა:

“ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ- სგან მიიღო”.

გამოძიების ინფორმაციით, კადრები ფარულად, უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. დ.ა-ს და მ.დ-ს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ ამ პატიმარს არ გაუვრცელებია პირველად კადრები – ბესელია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან