ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა საქალაქოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

29 ივლისი, 2019 • 820
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა საქალაქოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ავდოკატ ზვიად კორძაძის თქმით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და დაცვის მხარის პოზიციებს ვერ პასუხობს. მისივე თქმით, განჩინება ადვოკატებს გვიან ჩააბარეს.

“სამწუხაროდ, სასამართლომ განჩინება ჩაგვაბარა დღეს, დილის 11:00 საათზე და გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 48 საათიდან მხოლოდ 8.5 საათი დაგვრჩა. თვითონ განჩინებაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საერთოდ არაა დასაბუთებული მსჯელობა. დაცვის მხარის პოზიციებს მიძღვნილი აქვს პატარა აბზაცი და იქაც არ არის პასუხები. შესაბამისად, ჩვენ ყველა ეს არგუმენტი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში”, – უცხადებს კორძაძე მედიას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – თითოეულს 700 ათასი ლარი – შეუფარდა.

გარდა გირაოს შეფარდებისა, პროკურატურა ითხოვდა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა.


მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი