ჯაფარიძე-ხაზარაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

თიბისი ბანკის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტლებას გაასაჩივრებენ. როგორც ბიზნესმენების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სასამართლოს განჩინება დღეს ჩაბარდათ და ამ ეტაპზე სარჩელის მომზადებაზე მუშაობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – თითოეულს 700 ათასი ლარი – შეუფარდა.

გარდა გირაოს შეფარდებისა, პროკურატურა ითხოვდა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა.


მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.