ახალი ამბები

რუსეთში აქციაზე, რომელზეც თავისუფალ არჩევნებს ითხოვდნენ, 1000-ზე მეტი პირი დააკავეს

28 ივლისი, 2019 • 1611
რუსეთში აქციაზე, რომელზეც თავისუფალ არჩევნებს ითხოვდნენ, 1000-ზე მეტი პირი დააკავეს

დღეს, 27 ივლისს, მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, სულ მცირე 1 000 ადამიანი დააკავეს. აქციის დარბევას რუსი პოლიციელები ძალების გამოყენებით ცდილობდნენ, მათ შორის, მომიტინგეებს ფიზიკურად ხელკეტებით უსწორდებოდნენ.

Meduza წერს, რომ დღევანდელი აქცია მოსკოვის მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო. აქცია დაიგეგმა როგორც მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნების იმ კანდიდატებთან შეხვედრა, რომლებსაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ეს შეხვედრა მოსკოვის მერიასთან უნდა გამართულიყო და მოქალაქეებს კანდიდატების რეგისტრაცია უნდა მოეთხოვათ, თუცმა, პოლიციამ ადამიანების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყო.

აქციის დაწყებამდე დააკავეს დამოუკიდებელი კანდიდატები: დმიტრი დურკოვი, იულია გალიამინა, ივან ჟდანოვი, ილია იაშინი და ლუბოვ სობოლი.

აქცია მოსკოვში. 27 ივლისი 2019 წელი. ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

აქციის დროს დააკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტები და აქტივისტები, Baza-ს ინფორმაციით,დარბევის დროს დაშავდა სულ მცირე 77 ადამიანი. გარდა ამისა, პოლიცია შევიდა ტელეკომპანია “დოჟდშიც“. ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს გადასცეს უწყება, რომლის თანახმადაც მას დაკითხვაზე იბარებდნენ.

„დოჟდის“ ინფორმაციით, პროკურატურა შევიდა სტუდიაში Навальный LIVE და ეთერის შეწყვეტა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი