ახალი ამბები

ადვოკატი ოქრუაშვილის გათავისუფლებისთვის სასამართლოს გირაოს სახით 10 000 ლარს სთავაზობს

27 ივლისი, 2019 • 1257
ადვოკატი ოქრუაშვილის გათავისუფლებისთვის სასამართლოს გირაოს სახით 10 000 ლარს სთავაზობს

ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ სასამართლოსგან დღეს, 27 ივლისს, საღამოს ექვს საათზე ჩანიშნულ სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების მოხსნას მოითხოვს.

„საფუძველი იმისა, რომ ვინმეზე ზემოქმედებას მოახდენს ან დაიმალება, არ არსებობს.

აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, მაგრამ ალტერნატივის სახით შევთავაზებთ სასამართლოს გირაოს და პირად თავდებობას“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

ადვოკატის თქმითვე, ალტერნატივის სახით, სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შესთავაზებს. „მერე სასამართლომ, ზომიერების ფარგლებში, თვითონ გადაწყვიტოს, თუ კი არ ჩათვლის საკმარისად აღნიშნულ თანხას“ – ამბობს მამუკა ჭაბაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, ტკიცებულებებს შორის, რომელიც ბრალდებას აქვს, მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო და სამართალდამცველების ჩვენებებია. მისი თქმით ამ მტკიცებულებებით, არ დასტურდება ძალადობისკენ მოწოდება, ოქრუაშვილს კი ბრალი სწორედ ძალადობის ორგანიზებაში, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში წარედგინა.

“ბრალი წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ანუ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში წარედგინა ბრალდება. ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხს შორის ზოგიერთმა დაიწყო ძალადობა და მათ შორის, იყო ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც, თითქოს, მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პრალემტნში შეჭრისკენ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რაზეც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი.

ის უარყოფს დანაშაულს, თქვენც ნახეთ, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა.. სულ ცოტა 10-მდე მოწმე მაინც გვყავს, რომელიც იმ საღამოს მასთან ერთად დილამდე იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში და ამ პოლიციელებს შემდგომ შერცხვებათ,“ – განაცხადა დღეს ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავა. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისკენ დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი