ახალი ამბები

ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ შსს-ს ვიდეოსა და პოლიციელების ჩვენებს – ოქრუაშვილის ადვოკატი

27 ივლისი, 2019 • 1529
ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ შსს-ს ვიდეოსა და პოლიციელების ჩვენებს – ოქრუაშვილის ადვოკატი

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებებს შორის, რომელიც ბრალდებას აქვს, მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო და სამართალდამცველების ჩვენებებია.

ჭაბაშვილი ამბობს, რომ ამ მტკიცებულებებით, არ დასტურდება ძალადობისკენ მოწოდება, ოქრუაშვილს კი ბრალი სწორედ ძალადობის ორგანიზებაში, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში წარედგინა.

“ბრალი წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ანუ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში წარედგინა ბრალდება. ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხს შორის ზოგიერთმა დაიწყო ძალადობა და მათ შორის, იყო ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც, თითქოს, მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პრალემტნში შეჭრისკენ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რაზეც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი.

ის უარყოფს დანაშაულს, თქვენც ნახეთ, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა.. სულ ცოტა 10-მდე მოწმე მაინც გვყავს, რომელიც იმ საღამოს მასთან ერთად დილამდე იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში და ამ პოლიციელებს შემდგომ შერცხვებათ,“ – ამბობს ადვოკატი ჟურნალისტებთან.

ვიდეო, რომელზეც ადვოკატი საუბრობს შსს-მ ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისკენ დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გარეკანი ფოტო: სქრინი რ2-ს ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი