ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად აქტივისტებმა პეტიცია შექმნეს

27 ივლისი, 2019 • 1324
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად აქტივისტებმა პეტიცია შექმნეს

ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად, რომელიც რამდენიმე დღის წინ 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს, აქტივისტები და მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ.

ხელმომწერები ამბობენ, რომ ბეჟან ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არც საფუძველი და არც საჭიროება არ არსებობს.

“ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, შსს სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა და პროკურატურამ სისხლის სამართლის 225- ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა ბრალი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სასამართლო პროცესზე პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას აპირებს.

ბეჟან ლორთქიფანიძე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, საქართველოს ბუნების მკვლევარი და ქომაგი, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა, 2015 წელს დატბორილი ზოოპარკის სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა და ცხოველების გადარჩენა, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილი და ა.შ.

ბეჟან ლორთქიფანიძე არის მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე და კეთილსინდისიერი ადამიანი. გვჯერა, რომ არანაირი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს, რომ სასამართლომ მას უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება შეუფარდოს,“- ნათქვამია პეტიციის განცხადებაში.

ბეჟან ლორთქიფანიძე პოლიციამ 25 ივლისს დააკავა. ამ დღეს, გარდა ლორთქიფანიძისა, დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ სამი სამოქალაქო პირი.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი “ნაკრესის” თანამშრომელი ბეჟან ლორთქიფანიძეა

მასალების გადაბეჭდვის წესი