ახალი ამბები

ძალის დემონსტრირება “ოცნების” მხრიდან – “ევროპული საქართველო” ოქრუაშვილის საქმეზე

26 ივლისი, 2019 • 873
ძალის დემონსტრირება “ოცნების” მხრიდან – “ევროპული საქართველო” ოქრუაშვილის საქმეზე

“ევროპული საქართველო” ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გმობს. პარტიის ლიდერებმა ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართეს. გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას ცდილობს იმ “მძიმე დარტყმის” ფონზე, რომელიც მან 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების დროს მიიღო.

ბრიფინგზე აჩვენეს კადრებიც, რომლებშიც სხვადასხვა დროს ქვეყნის მასშტაბით პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტები იყო ასახული. ბოკერიას თქმით, სახელმწიფო პოლიციელებთან დაპირისპირებისთვის არ სჯის ადამიანებს, რომლებიც კავშირში არიან “ქართულ ოცნებასთან”, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებისათვის კი საბაბს ეძებს.

“აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ვინ როგორ აფასებს. ჩემი პირადი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია მის მიმართ. მაგრამ ეს არ ცვლის მთავარ პრობლემას: ჩვენს ქვეყანაში მთელი ეს წლები ივანიშვილის გუნდისთვის არ არსებობს კანონის უზენაესობა; ასევე, მათი ხალხისთვის, რომლისთვისაც შეიძლება ძალადობა, ოპონენტებისთვის კი ეძებენ საბაბებს და ზოგჯერ პოულობენ.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, ისევე როგორც ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმე, არის ძალის დემონსტრირება უმძიმესი დარტყმის შემდეგ, რაც მან მიიღო გავრილოვის ღამეს და ზოგადად მისი პოლიტიკის შედეგად. ეს არის სახიფათო ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიული კლიმატისა და სტაბილურობისთვის. მაგრამ ეს ნაბიჯები ივანიშვილს ვერ უშველის შემდეგ არჩევნებზე”, – აღნიშნა მან.

მანამდე, ერთობლივი ბრიფინგი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გამართეს, რომელთაც გამორიცხეს ოქრუაშვილის ბრალეულობა და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრეს.

დაკავებულ ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან – ოპოზიციის ბრიფინგი ოქრუაშვილის დაკავებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი