ახალი ამბები

აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან – ოპოზიციის ბრიფინგი ოქრუაშვილის დაკავებაზე

26 ივლისი, 2019 • 896
აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან – ოპოზიციის ბრიფინგი ოქრუაშვილის დაკავებაზე

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დღეს, 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ, ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკური რეპრესია უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება, ერთი მხრივ, 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გადაფარვას ცდილობს, მეორე მხრივ კი, “რუსთავი 2”-ის მიმართ თავისი ინტერესის საფუძველზე მოქმედებს.

“ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს, ანტისაოკუპაციო მიტინგის დარბევა გადაფაროს ოპოზიციის ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით.

მიტინგიდან 1 თვის განმავლობაში, მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია “რუსთავი 2″-ის 100% ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით”, – აღნიშნა მან.

კემულარიას თქმით, ოქრუაშვილის დაკავების კიდევ ერთი საფუძველი მისი “მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებია”.

ბრიფინგზე საზოგადოებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემაც მიმართა. მისი თქმით, ქვეყანაში “პოლიტპატიმრების რიცხვი მატულობს და ერთ-ერთი მათგანი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა”. ვაშაძემ გამორიცხა, რომ ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს გაცხადებული საფუძვლები აქვს და ხაზი გაუსვა, რომ 20 ივნისის ღამით მას კანონსაწინააღმდეგოდ არ უმოქმედია.

“საღამოს შვიდი საათიდან დილის შვიდის ნახევრამდე ვიყავი რუსთაველის პროსპექტზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და მონაწილეობა არ მიუღია. არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ის რუსთაველის პროსპექტზე იცავდა მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას”, – განაცხადა მან, ბოლოს კი დაამატა:

“აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია”.

ოპოზიციის ზემოაღნიშნული წარმომადგენლების გარდა, პარტიის ოფისში განცხადებები ხათუნა სამნიძემ, თაკო ჩარკვიანმა და გიორგი გუგავამაც გაახმიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისთვის დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა. როგორც მისმა თანაპარტიელმა გუბაზ სანიკიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, დაკავება 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. ამავე საქმეზე, როგორც ცნობილია, სულ 10-მდე ადამიანია ბრალდებული, მათ შორის პოლიტიკური ლიდერი ნიკა მელია.

დაკავებულ ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი