ახალი ამბები

მართებულია თუ არა მესტიაჭალა ჰესის სტიქიის შემაკავებლად განხილვა

26 ივლისი, 2019 • 3503
მართებულია თუ არა მესტიაჭალა ჰესის სტიქიის შემაკავებლად განხილვა

“სვანეთი ჰიდრო” აცხადებს, რომ მის მიერ აშენებულმა ჰესმა დაბა მესტიაში ადიდებული მდინარე მესტიაჭალა შეაკავა. კომპანიის განცხადებით, ჰეს “მესტიაჭალა 1”-ის ტერიტორია დაიტბორა, თუმცა ჰესის ინფრასტრუქტურამ დასახლებული პუნქტები ღვარცოფისაგან დაიცვა. აღნიშნულ განაცხადს ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” აკრიტიკებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ჰესის აშენება ამ არეალში იმთავითვე დაუშვებელი იყო.

“სვანეთი ჰიდრო” ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები ხეობის გასაწმენდად მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ, დღეს კი ვითარებას მათთან ერთად გეოლოგები შეისწავლიან.

სტიქია მესტიაში 25 ივლისს მოხდა. მესტიაჭალას ადიდების გამო, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მყოფ ტურისტებს მაშველების დახმარება დასჭირდათ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, შლამმა ხუთი მანქანა დაფარა. მესტიის მერის, კახა ჟორჟოლიანის ცნობით კი, ღვარცოფმა ორი ხიდი წაიღო და მულახის თემში საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მესტიაჭალა ჰესის(მესტიაჭალა-1) ზარალი “არის ძალიან დიდი”. კერძოდ, მისი თქმით:

“ორი ექსკავატორია დატბორილი, მძიმე ტექნიკა. გარდა მაგისა, გამშვები, სადაც წყლის მიმღებია განთავსებული, არის დატბორილი. დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა, 100 კუბამეტრზე მეტია გაჩერებული სათავე ნაგებობასთან. კონკრეტულად ზიანის ოდენობას და თანხას ვერ დაგინსახელებთ, ექსპერტებმა უნდა დათვალონ”.

თავად კომპანიის განცხადებით, ” პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას”.

მესტიის მერმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ეთანხმება “სვანეთი ჰიდროს” განცხადებას, რომლის თანახმადაც ჰესის ინფრასტრუქტურამ სტიქია შეაკავა.

“ნამდვილად შემაკავებლის როლი ითამაშა, დიდი ოდენობით ნაშალი მასალა, ქვა-ღორღი, ინერტული მასალები, დიდი ქვები, დარჩა იმ ადგილას, სადაც ჰესის შემაკავებელი ადგილი იყო. გააჩერა ყველაფერი ეს”, – აცხადებს ის.

მართებულია თუ არა აღნიშნული ჰესის, როგორც სტიქიის შემაკავებლისა და ზიანის შემამცირებლის განხილვა? გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივაში” ფიქრობენ, რომ  – არა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის თქმით, მესტიაჭალა ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში პირდაპირ იყო აღნიშნული პროცესები, რომლებიც ხეობაში გუშინ განვითარდა. შესაბამისად, ამ ადგილას ჰესის არც უნდა აშენებულიყო.

“ფრაზები, რომ ჰესმა გადაარჩინა ვინმე, ჰესმა შეაკავა წყალდიდობა, ჩვენ გვესმოდა, სამწუხაროდ, 2014 წელსაც დარიალი ჰესთან მიმართებაში, როცა დევდორაკში იყო ღვარცოფი, დაიხოცა ხალხი. მაშინაც საუბრობდნენ, რომ ჰესმა გადაარჩინა იქ ვიღაც და სხვა შემთხვევაში, უფრო მეტი ხალხი დაიღუპებოდა. ეს არის აბსურდული ფრაზები, რადგან რაც ახლა მოხდა, ეს იყო ჩამოწერილი ამავე პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში. შეიძლება ითქვას, სიტყვა-სიტყვით ეწერა ის, რაც მოხდა”, – უთხრა ჭიპაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, ეს არ არის და არც შეიძლება იყოს, რადგან:

“ეს არის მყინვარი. აქ რომ არ შეიძლებოდა ჰიდროელექტროსადგურის აშენება, ამაზე ვესაუბრებოდით ჩვენც, ესაუბრებოდა მოსახლეობაც…

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე სამჯერ თუ ოთხჯერ გავუკეთე ციტირება იმ მოვლენებს, რომლებიც მათივე გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში იყო პროგნოზირებული და რაც დღეს ხდება, ამაზე [კომპანიის წარმომადგენლებს] არანაირი პასუხი არ ჰქონდათ”.

მესტიაჭალა ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში, რომელზეც “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი საუბრობს, მართლაც არაერთგზის არის აღნიშნული საშიშროებები, რომლებიც სამშენებლო არეალს ახასიათებს. უშუალოდ “მესტიაჭალა-1”-ის შემთხვევაში, დოკუმენტში აღნიშნულია:

“აქვე უნდა ითქვას, რომ წყალდიდობებისა და ღვარცოფების ზეგავლენის თვალსაზრისით განსაკუთრებით სენსიტიური „მესტაჭალა-1“-ჰესის საგენერატორო შენობის უბანია, რომელიც მდინარეთა შეერთების ადგილია და ერთდროულად შესაძლოა მოხვდეს ორივე მდინარის [მესტიაჭალა, ჭალაათი. რედ.] ერთდროული წყალდიდობის ან ღვარცოფული გავლენის ქვეშ”.

ჭიპაშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებელია უწყება, რომელიც მსგავს პირობებში ჰესის მშენებლობის ნებართვას გასცემს.

“როდემდე უნდა ვაშენოთ ასე ჰესები, რომელთაც ბოლოს წყალი წაიღებს, შემდეგ ისევ ავაშენებთ, ისევ წყალი წაიღებს… აქ უკვე მოსახლეობა ზიანდება, თორემ კომპანიის ზიანი სულ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში. ესაა მთავარი პრობლემა და პასუხი უნდა აგოს ნებართვის გამცემმა; უნდა აგვიხსნას, რა ლოგიკით გასცეს ამ პროექტზე ნებართვა”.

ადგილობრივთა ნაწილი მესტიაში ზემოაღნიშნული ორი ჰესის მშენებლობას რეგულარულად აპროტესტებდა. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას მათ ჰესების მშენებლობისათვის საჭირო ტრანსპორტს გზაც გადაუკეტეს და დანიშნულების ადგილამდე არ მიუშვეს.

საპასუხოდ, კომპანია ამბობდა, რომ “მესტიაჭალა ჰესი არის მწვანე, მცირე ზომის, არადაგუბებითი, მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი”, მის მშენებლობას კი “მხოლოდ 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი” აპროტესტებდა, რომელთაც არ სურდათ “არგუმენტირებული პასუხების მოსმენა”.

მდინარემ მესტიაჭალა ჰესის ტერიტორია დატბორა – სტიქია სვანეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი