სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშს მის და ჯარჯი აქიმიძის მიმართ რაიმე შეთავაზება ექნება, არსებობს ე.წ. წითელი ხაზი, რომლის მიღმაც ვერანაირ წინადადებას ვერ მიიღებენ.
ასეთ დათქმად დვალი ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას ასახელებს და ამბობს, რომ დამფუძნებლები არანაირ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, თუ არ იარსებებს გარანტიები, რომ არხი თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს შეინარჩუნებს:
“ჩემთვის ძალიან ძნელია ვთქვა, შეხვედრაზე რა მოხდება ქიბართან. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზი, რომლის იქითაც ჩვენ ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და გარანტია, რომ “რუსთავი 2” შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას. ეს არ იქნება არც ფინანსური კომპენსაცია. ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ “რუსთავი 2”- ის სვლა სხვა მიმართულებით, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ კიდევ ერთხელ წაგვართვეს “რუსთავი 2”, – ამბობს დავით დვალი.
ტელეკომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე კი აცხადებს, რომ ის და დვალი იურიდიულად ბრძოლას გააგრძელებენ:
“იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ თეორიულად მაინც გვაქვს დარჩენილი იურიდიულად ბრძოლის გარკვეული გზები, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველაფერს. ჩვენ გვინდა მხოლოდ სამართლებრივად დავიბრუნოთ ეს ყველაფერი. რა მოლაპარაკებაც არ უნდა შედგეს, რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ, როგორც არ უნდა შევიდეთ ჩვენ ტელევიზიაში, ჩვენ მოვითხოვთ სამართლინობის აღდგენას და იმის აღიარებას, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ჩვენ წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული და მეორე, რომ ჩვენ არასოდეს არ ვიყოთ შინაგანად მაინც ვალში ვიღაცა ადამიანის მიმართ, რომელიც შეიძლება ძალიან კეთილი იყოს, მაგრამ არ ჰქონდეს ცდუნებ,ა რაღაც პრეტენზიები გაუჩნდეს ჩვენ მიმართ”, – ამბობს ჯარჯი
აქიმიძე.
2017 წელს რ2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, ასევე არხის გენერალურ დირექტორად დანიშნავდა დავით დვალს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წილების 50-50%-ზე გაყოფის შემთხვევაში ხალვაში დამოუკიდებლად დვალის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, შესაბამისად, მენეჯმენტზე გავლენა დვალსა და აქიმიძეს ექნებოდათ. ის, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა, ადასტურებდა ორივე მხარე- დვალი/აქიმიძეც და ქიბარ ხალვაშიც. ხალვაში ამბობდა, რომ მას გარკვეული დამატებითი პირობებიც ჰქონდა.