ახალი ამბებისამართალი

რატომ ეჩქარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

26 ივლისი, 2019 • 1259
რატომ ეჩქარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები 17 ივლისიდან დაიწყო და ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10:00 საათიდან გვიან ღამემდე მიმდინარეობს. თავდაპირველად საბჭოს დაგეგმილი ჰქონდა, დღეში 5 კანდიდატს გასაუბრებოდა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს შეუძლებელია და ლიმიტი 3 კანდიდატთან გასაუბრებამდე შემცირდა.

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა მოითხოვა, კანდიდატებთან გასაუბრება ღამის საათებში, დაჩქარებულ ტემპში არ წარმართულიყო, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ ამის გამო პროტესტის ნიშნად  სამჯერ დატოვეს სხდომა. 

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩუსტებითაც მივიდა იმის საილუსტრაციოდ, რომ გასაუბრებებზე ყოფნა გვიანობამდე უწევთ

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მათ მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ განაცხადეს და სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს რეაგირებისკენ მოუწოდეს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მას ჰყავს 9 თვის შვილი, რომელსაც სჭირდება დედის ყურადღება. 

დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს – ვინაიდან საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თავად მონაწილეობს აღნიშნულ კონკურსში – აცხადებს, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები, ისე აპარატის თანამშრომლები ზეგანაკვეთური მუშაობისთვის სახელფასო დანამატს მიიღებენ.

თუმცა, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის, ასევე, მართლმსჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის საბჭოში დანერგილი გასაუბრების გრაფიკი პრობლემურია არა მხოლოდ შრომის უფლებების კონტექსტში, არამედ იმის გამოც, რომ ყოველგვარი გონივრული დროის გადაცილებით გასაუბრებების გაგრძელება აზიანებს თავად კანდიდატების შერჩევის პროცესს.

დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გამოთქვეს ეჭვი, რომ საბჭოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინოს პარლამენტს 20-კაციანი სია, რათა საკანონმდებლო ორგანოში განხილვა აგვისტოში, “პოლიტიკურად მკვდარ პერიოდში” წარიმართოს, რათა პროცესი საზოგადოების ყურადღებისა და კრიტიკის ქვეშ ნაკლებად მოექცეს. 

“ყოველგვარი ნორმირებული დროის უგულებელყოფით გასაუბრების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხავს კანდიდატების სრულფასოვან, ხარისხიან შეფასებას, აზიანებს როგორც კანდიდატის, ისე საბჭოს წევრების, საბჭოს აპარატის და პროცესზე დამკვირვებელი პირების ინტერესებს. საბჭოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება, ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობად შეიძლება შეფასდეს”, – ნათქვამია კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” განცხადებაში.

“იუსტიციის საბჭო არ ქმნის და პირიქით, აქტიურად უშლის ხელს იმ შესაძლებლობას, რომ კანდიდატებს მშვიდ ვითარებაში დავუსვათ კითხვები, ვინაიდან არ სურთ, გამოჩნდეს ის ღრმა არაკომპეტენტურობა, რომელსაც რამდენიმე კანდიდატი ავლენს. გარდა ამისა, შესაძლოა არსებობდეს დაკვეთა და სურვილი, რომ ეს გასაუბრებები მორჩეს ივლისში იმისათვის, რომ საკითხი აგვისტოშივე გადაწყდეს ან უბრალოდ, როგორც ირაკლი შენგელიამ თქვა, მოსამართლე წევრებმა უბრალოდ მშვიდად და წყნარად დაისვენონ აგვისტოს თვეში”, – განაცხადა ანა დოლიძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების ერთადერთი ინტერესი მთელ ამ პროცესში არის, რომ კანდიდატს რამე არ წამოსცდეს კლანზე. ჯერჯერობით არცერთ კანდიდატს არ უპასუხია დადებითად კითხვაზე, არის თუ არა სასამართლო სისტემაში პრივილეგირებული ჯგუფი, ე.წ. კლანი.

“თავდაპირველად ვფიქრობდი, საბჭოს წევრები ვარაუდობდნენ, რომ პარლამენტი აგვისტოში მიიღებდა გადაწყვეტილებას მოსამართლეების გაწესებასთან დაკავშირებით და ამიტომ ჩქარობდნენ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ კლანის ახირება. ჩვენ შეგვიძლია, ძალიან სიღრმისეულად და უფრო სერიოზულად წარვამრთოთ ეს პროცესი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ახირებაა, რომ ეს სპექტაკლი რაც შეიძლება დროულად დაამთავრონ. მათ არ მოსწონთ, რომ შექმნილმა რეალობამ სასამართლო სისტემის პრობლემები – კომპეტენციის კუთხითაც, კეთილსინდისიერების კუთხთ და სხვა – ზედაპირზე წამოსწია. ხანგრძლივი გასაუბრებები ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ალბათ, უნდათ, რომ განხილვის საგანი მალე აღარ იყოს”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იწრმუნება, რომ სიჩქარის ერთადერთი მიზეზი უზენაეს სასამართლოში საკადრო დეფიციტით შექმნილი მძიმე სიტუაციაა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ამ დროისთვის 6 მოსამართლეა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში  და ადმინისტრაციულში კი, თითო-თითო. 

“ჩვენი ერთადერთი ინტერესია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადაში დასრულდეს ეს პროცესი როგორც საბჭოში, ასევე, პარლამენტში, რათა გადაიჭრას ის  უმძიმესი პრობლემები, რაც შექმნილია საქმეთა გადატვირთულობის კუთხით უზენაეს სასამართლოში. ათასობით მოქალაქე და იურიდიული პირი ელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას უზენაეს სასმართლოში და ეს პროცესი შეფერხებულია იმიტომ, რომ არ არიან საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ ეს მდგომარეობა უზენაეს სასამართლოში დიდი ხანია შექმნილია. კითხვაზე, მაშინ რატომ არის გადამწყვეტი 1-2 თვე, პასუხობს, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ნაწილში იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე პასუხისმგებლობა ახალი კონსტიტუციის ამოქმედებიდან, 2017 წლის ბოლოდან გადმოვიდა.

გრაფიკის გაყოლის შემთხვევაში, გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესის დასრულებას 7-8 აგვისტოს აანონსებს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, 50-დან შეირჩევა  პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატი. ამ დროისთვის პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულებულია, საშემოდგომო კი სექტემბერში გაიხსნება, თუმცა გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის მოწვევა უნდა მოხდეს.

პარლამენტი ავტონომიური ორგანოა, საკუთარი  უფლებამოსილებები და გრაფიკი აქვს. მე არაერთხელ დავაფიქსირე, რომ შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, ჩემი და საბჭოს პოზიციაც არის ისეთი, რომ თუნდაც პარლამენტს დასჭირდეს რიგგარეშე სესიის მოწვევა, ეს სესია უნდა მოიწვიოს და აირჩოს ახალი მოსამართლეები”, – ამბობს გვრიტიშვილი.

 

ნაზი ჯანეზაშვილიც ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს სწრაფად დაკომპლექტება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პარლამენტს ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონის კონსტიტუციასთან ჰარმონიზება მოხდებოდა და მოსამართლეების შერჩევის წესი დამტკიცდებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარიმართება პროცედურა უკვე საკანონმდებლო ორგანოში, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ “პარლამენტს დიდი არჩევანი არ ექნება”.

“ჩვენ [საბჭოში] შეგვიძლია ავარჩიოთ კანდიდატები, კონკურსი რეალურად აქ არის. პარლამენტს ერთადერთი რჩება, უარი თქვას კანდიდატზე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს პოსტის დაკავებისთვის შესაფერისად არ მიიჩნევს. მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მხედველობაში მიიღებს ამ გასაუბრების პროცესსაც, სადაც ზედაპირზე ამოვიდა ძალიან ბევრი პრობლემა, და გაითვალისწინებს იმასაც, რომ ძალიან ბევრი დარღვევა იყო. მხოლოდ ის დარღევვა, რომელიც სახალხო დამცველმა აღნიშნა – სავარაუდოდ, წინასწარ გარიგება საბჭოს წევრებს შორის – უკვე საფუძველია, რომ კონკურსი ჩაიშალოს”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში აგვისტოში რიგგარეშე სესიების დანიშვნას არ აანონსებენ.

“ყველა საკითხზე, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, შესაძლებელია სექტემბრამდე მოთმენა. შეგვიძლია, რომ ამ თემებს მივუბრუნდეთ სექტემბერში, რიგგარეშე სესიების ჩატარების აუცილებლობა არ დგას”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი