ახალი ამბები

გადასახადის გადამხდელთა კავშირი TBC-ის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

26 ივლისი, 2019 • 999
გადასახადის გადამხდელთა კავშირი TBC-ის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გადასახადის გადამხელთა კავშირი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ბიზნესგაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ კომისია ამ საქმეზე საზოგადოებაში დაგროვილ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე საგამოძიებო პროცესმა უკვე დააზიანა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტი და ბიზნესჯგუფი, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო გარემო.

როგორც გადასახადის გადამხდელთა კავშირი აცხადებს, პროკურატურის ქმედებების შემდეგ გაუფასურდა “თიბისი ბანკის” აქციები და ანაკლიის პორტის მშენებლობა შევიდა ჩიხში.

“ყველასთვის ნათელია ანაკლიის პორტის განსაკუთრებული საერთაშორისო მნიშვნელობა, რომელიც დიდი ხანია გასცდა რიგითი ბიზნესპროექტის ჩარჩოებს, შეიძინა საერთო ეროვნული მისია და სპეციალური ჩანაწერითაც დაფიქსირდა კონსტიტუციაში. ჩვენ თავის დროზე გამოვთქვით შეშფოთება საგამოძიებო სტრუქტურებიდან ჯერ კიდევ გამოუძიებელი საქმის შესახებ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა სახელმწიფო უწყებების ობიექტურობასთან დაკავშირებით.

როგორც იმჟამინდელმა, ისე, ბოლო დღეების განცხადებებმა პარტნიორი ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა თუ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, დაგვარწმუნა, რომ აღნიშნულ ეჭვებს ბევრი იზიარებს და სახელმწიფო სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა დღითიდღე მცირდება.

ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს. დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების მოკლე დროში დასრულებასაც.

ცხადია, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, სიმართლე, ადრე თუ გვიან, მაინც დადგინდება. თუმცა ფაქტია, რომ ამ პროცესმა უკვე დააზიანა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტი და ბიზნესჯგუფი, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ამ ზიანის შესაძლო მასშტაბები გრძელვადიან პერიოდში სათანადოდ უნდა შევაფასოთ”, – წერია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი