ახალი ამბები

რ2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მთავარი დარტყმა იქნება ტელეპლურალიზმზე – RSF

26 ივლისი, 2019 • 1228
რ2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მთავარი დარტყმა იქნება ტელეპლურალიზმზე – RSF

ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” “რუსთავი 2”-ის საქმეზე გავრცელებულ განცხადებაში ტელეარხის გუნდის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან ასევე მოუწოდა ახალ მფლობელსა და პოლიტიკურ პარტიებს, ნაკლები გავლენა მოახდინონ მედიასაშუალების მუშაობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ამერიკის ხმამ” ინტერვიუ ჩაწერა იოჰან ბირთან, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორთან.

ბატონო იოჰან, როგორ შეაფასებდით სტრასბურგის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით?

ჩვენ ბევრს ვერაფერს ვიტყვით რუსთავი 2-ის მფლობელობაზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი საფიქრალია პოტენციური შედეგები ქართულ მედიაპლურალიზმზე.

ქიბარ ხალვაშმა პირობა დადო, რომ არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა ჟურნალისტები, ვისაც მასთან უმუშავიათ, ამბობენ, რომ სწორედ ის განსაზღვრავდა არხის პოლიტიკას „რუსთავი 2“-ის მფლობელობისას. გჯერათ თუ არა, რომ ხალვაში პირობას შეასრულებს?

მთელი სერიოზულობით მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, რომ შეასრულოს თავისი დაპირებები. მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება?

რუსთავი2 -ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან რუსთავი 2 არის გამონაკლისი, მაშინ როდესაც პროსახელისუფლებლო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე. ამიტომაც, ამის [სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა] თავიდან აცილება უნდა მოხდეს.

როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად?

მოკლევადიან პერსპექტივაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული პროსახელისუფლებლო და ოპოზიცურ სატელევიზიო არხებს შორის, რათა არსებობდეს პლურალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩატარდეს რეფორმები, რაც შეამცირებს მედიამფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე საქართველოში. პროცესში სანდო სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, რათა ჟურნალისტები ამ ტიპის ჩარევებისგან დაცულები იყვნენ და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკით იმოქმედონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი