პროკურატურის განმარტებით, საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ.
“აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახლად შექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და, საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ახლად შექმნილი დეპარტამენტის მომავალი მიზნების, ამოცანების და საქმიანობის გეგმების შესახებ საზოგადოებას ახლო მომავალში ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება. “თებერვლის თვეში გაიმართება საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან”.
ნეტგაზეთს პორკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ეს დეპარტამენტი არსებითად განსხვავდება პროკურატურის გენინსპექციისგან. პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის თქმით, ეს არის ის დეპარტამენტი, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა 26 დეკემბრის პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლამდე საზოგადოებას წარუდგენს გეგმას, თუ როგორ მოხდება “სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება”.
“ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ოფიციალური განაცხადი, რომელიც პროკურტაურაში შევიდა… ყველა განაცხადის შესწავლა დაასრულა პროკურატურამ- უკანონდ ჩამორთმეულ ქონებებზე, ბიზნესებზე, სახლებზე, ასევე იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ რეპრესირებულები იყვნენ და უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს. მაქსიმუმ თებერვლამდე საზოგადოებას წარვუდგენთ გეგმას, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის დასრულება. საკმაოდ ხარნგრძლივი პროცესი იქნება. სპეციციალური დეპარტამენტი ან სამმართველო შეიქმნება ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.