ახალი ამბები

მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისა და ინვესტიციების მოსაზიდად – კარლო ნატალე

25 ივლისი, 2019 • 1404
მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისა და ინვესტიციების მოსაზიდად – კარლო ნატალე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, კარლო ნატალეს შეფასებით, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.

“უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე, რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული. ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად”, – ნათქვამია კარლო ნატალეს კომენტარში.

ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.

მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჯაფარიძე და  ხაზარაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შეფასებები გააკეთეს საქართველოში აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებმაც.

ამავე თემაზე:

შეშფოთებული ვართ, ბრალის კონტექსტისა და დროის გარემოების გამო – აშშ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები მიუკერძოებლად წარიმართოს – UK-ის საელჩო ხაზარაძეზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი