ახალი ამბები

OSGF: ივანიშვილის განცხადება დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას არ შეესაბამება

30 იანვარი, 2015 •
OSGF: ივანიშვილის განცხადება დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას არ შეესაბამება

“ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის მიმართ. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების რიტორიკა საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ უფრო და უფრო შეურაცხმყოფელი ხდება და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. გადამდგარი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით მზადდება კვლევა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელთა საქმიანობის შესახებ, ფაქტობრივად აანონსებს მაკომპრომატირებელი ინფორმაციის გავრცელებას.


ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება არ შეესაბამება მმართველობის დემოკრატიულ პრაქტიკას. ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებდნენ მიუკერძოებლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას, არ უნდა ხდებოდნენ თავდასხმის ობიექტები. ასეც რომ არ იყოს, მიუღებელია საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ადამიანის შევიწროება საკუთარი აზრისა და საქმიანობის გამო.


იმედს გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლები თავს შეიკავებენ მსგავსი განცხადებებისგან, ხოლო საზოგადოება იქნება ერთიანი ამ პრაქტიკასთან ბრძოლაში”, – ნათქვამია ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს განცხადებაში

 

ყოფილი რემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი არასამთავრობო სექტორის 3 წარმომადგენელზე, ეკა გიგაურზე (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო), ნინო ლომჯარიასა (“სამართლიანი არჩევნები”) და კახა კოჟორიძეზე (მან არასამთავრობო სექტორი ცოტა ხნის წინ დატოვა) კვლევას ამზადებს. ამის შესახებ ივანიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა:


“აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები- ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა.  მას მოტივაცია არ დაუკონკრეტებია.

.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი