კომენტარი

ღარიბაშვილის, მარგველაშვილის და უსუფაშვილის ერთობლივი მიმართვა ევროსტრუქტურების ლიდერებს

8 მაისი, 2015 • • 1259
ღარიბაშვილის, მარგველაშვილის და უსუფაშვილის ერთობლივი მიმართვა ევროსტრუქტურების ლიდერებს

წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს, საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდონებზე:

 

„რამდენიმე კვირაში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს ქ. რიგაში დაგეგმილ სამიტზე, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი რეგიონის მომავლისათვის. ქ. ვილნიუსში გამართული სამიტის შემდეგ პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო მკვეთრად შეიცვალა. უკვე იმ დროს, ჩვენ წინაშე ნათელად იდგა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოწვევა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მათი გამოყენება, ისევე როგორც ერების სუვერენული უფლება – თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მას შემდეგ მოსკოვის მხრიდან მისი მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ ფუნდამენტური საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ერთად დავადასტუროთ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პრინციპები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი საერთო ხედვის – თავისუფალი და გაერთიანებული ევროპის რეალიზებისთვის.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ გწერთ, რათა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერებისა და ქართველი ხალხის მოლოდინზე და მოგმართავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი სუვერენული არჩევანი – მიჰყვნენ ევროინტეგრაციის გზას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით.

 

ჩვენს რეგიონში ევროკავშირის აქტიური როლი არის აუცილებელი, რათა დავიცვათ თანამშრომლობის ის ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება, კერძოდ, ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპები, რომლებიც დღეს, ჩვენი ერებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ეს იყო 1989 წელს გერმანიის გაერთიანებისას ან საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბალტიისპირეთის და ბალკანეთის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

 

ევროკავშირი ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა დემოკრატიულ რეფორმების მხარდაჭერაში, რომელთა განხორციელებაც გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძველია. საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მიმართულებით. მხოლოდ უკანასკნელი ორნახევარი წლის განმავლობაში, ევროკავშირის დახმარებით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საქართველოს დასაახლოებლად უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან: ჩავატარეთ თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები; პარლამენტის როლის გაძლიერების მიზნით ცვლილებები შევიტანეთ ჩვენს კონსტიტუციაში და გავზარდეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ანგარიშვალდებულება და თანაფარდობა; გავზარდეთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და განვამტკიცეთ ბრალდებულთა უფლებების დაცვა; ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ისევე, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა; განვამტკიცეთ მედიისა და გამოხატვის თავისუფლება; გავაუმჯობესეთ საგადასახადო და ფინანსური მმართველობის სისტემები; დავამარცხეთ კორუფცია და გავზარდეთ გამჭვირვალობა.
ჩვენ სრულად ვინარჩუნებთ შიდა რეფორმების მაღალ ტემპს – რომლისაც გვჯერა და რომელიც თავისთავად მნიშვნელოვნად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებას, რომელიც აძლიერებს ამ პროცესს.


ჩვენ, თავის მხრივ, გვჯერა, რომ დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის“ პრინციპების შესაბამისად და გამჭვირვალობის კრიტერიუმის საფუძველზე, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. იმედს ვიტოვებთ, რომ, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამიტზე აღიარებული იქნება ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაესმება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ასოცირების ფარგლების მიღმა. 
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისათვის გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, როგორც ჩვენი საერთო განვითარების პროგრამის ნაწილის, ყველა კრიტერიუმის შესასრულებლად და იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ ყოვლისმომცველ რეფორმათა შესრულებას ხელშესახებ შედეგებამდე მივყავართ. ჩვენ გვჯერა, რომ სამიტის წინ, ევროკომისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოს ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების დასრულების შესახებ ადეკვატურად შეფასდება.

 

ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებას მკაფიოდ დაუჭერს მხარს. 
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭება, თავის მხრივ, ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს, სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას. მომავალი თაობების ევროპელი ერების ოჯახთან დაახლოება დიდად დაეხმარება ქვეყნის განვითარებას. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ჩათვლით, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იქნება ხანგრძლივი და რთული რეფორმების შედეგი ახალი ძალისხმევისთვის. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა დაინახავს, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათ საქართველოსთან რეინტეგრაციის შედეგად; ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორებისათვის ეს იქნება მეტი მოტივაცია რეფორმებისათვის.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის საერთო ხედვები და ღირებულებები დღეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთსულოვნად დგას ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დასაცავად და რომ ევროინტეგრაციის პროცესი სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ჩვენ მოუთმენლად ველით შედეგიან დისკუსიას რიგაში და გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იქონიოს თქვენი იმედი”, – ნათქვამია ღია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი