ახალი ამბები

EMC: მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

25 ივლისი, 2019 • 923
EMC: მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტთან კარვის დადგმის შეზღუდვას მშვიდობიანი შეკრების კონტროლის მცდელობად აფასებს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიას, უზრუნველყონ კანონმდებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განუხრელი დაცვა:

“როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, თბილისის მერია პარლამენტის წინ ფილების სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რის გამოც. მაჩალიკაშვილს ვერ მისცემენ კარვის დადგმის უფლებას.

აღნიშნული განმარტების დასადასტურებლად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს რაიმე დოკუმენტი მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის არ წარუდგენიათ. აქედან გამომდინარე, დღეს, ოთხ საათზე, EMC განცხადებით მიმართავს თბილისის მერიას /საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს ამ ტერიტორიაზე მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვის განმარტებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს 2018 წლის ოქტომბრის თვეშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუზღუდეს პარლამენტის წინ კარვის დადგმის შესაძლებლობა, თუმცა მოგვიანებით, მათ შორის სასამართლო დავისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მას ეს შესაძლებლობა მიეცა და 2019 წლის 20 ივნისამდე პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფებოდა.

EMC მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის დადგმის უალტერნატივო აკრძალვა შეკრების თავისუფლების ხელყოფას წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება:

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის დადგმას არ გეგმავს გზის სავალ ნაწილზე, შესაბამისად, გაუგებარია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რეალური
ალტერნატივის შეთავაზების გარეშე, რატომ უზღუდავენ მას პარლამენტის ტერიტორიაზე კარვის განთავსებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC საჭიროების შემთხვევაში მზადაა უზრნველყოს ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლოში.

ომბუდსმენი აქციებზე კარვების დაშლის სადავო მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი