ახალი ამბები

ისევ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს — ხაზარაძე ბრალის წაყენების შემდეგ

25 ივლისი, 2019 • 1721
ისევ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს — ხაზარაძე ბრალის წაყენების შემდეგ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ის და თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების შემდეგ, იმის გამო, რომ „ზარალდებიან ბანკი, აქციონერები და თანამშრომლები“, ისევ ტოვებენ ბანკის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის პოზიციებს.

24 ივლისის საღამოს ხაზარაძემ ფეისუბკზე დაწერა:

“როგორც იცით, დღეს პროკურატურის ბრიფინგმა, საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად, უკვე მესამედ ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თბსბანკის აქციების ფასს. როგორც იანვარ -თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 %-ით გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად, ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს . წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა.

ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი.

ჩვენ გვჯერა, რომ ინსტიტუტი, რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის, დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი