ახალი ამბები

გორში დაშავებული მუშა გარდაიცვალა

25 ივლისი, 2019 • 1247
გორში დაშავებული მუშა გარდაიცვალა

გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.

57 წლის კაცი 22 ივლისს დაშავდა. qartli.ge-ის ინფორმაციით, ის ზილის მარკის ავტომობილში იმყოფებოდა და ხელში ბანერი ეჭირა, ქარის გამო კი ავტომობილიდან ბანერთან ერთად გადმოვარდა.

კლინიკის თანახმად, მას მეორე დღეს ოპერაცია გაუკეთეს და დაზიანებული თირკმელი ამოუღეს, თუმცა ეს მდგომარეობას არ ცვლიდა, რადგან ქალა-ტვინის ძლიერი ტრავმა ჰქონდა მიღებული.

24 ივლისს საღამოს „ნეტგაზეთს“ კლინიკა „გორმედში“ განუცხადეს, რომ იგი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

“ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი