ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი
მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა ახალი საარჩენო კოდექსი მიიღო, რომლის შესაბამისად, 2020 წლიდან ყარაბაღი 100%-იან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. აქამდე არჩევნები როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით იმართებოდა. ცვლილებებს წინ უძღოდა ხანგრძლივი განხილვები.
მთიანი ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატები აცხადებენ, რომ მსგავსი ცვლილებების შემდეგ ყარაბაღი უფრო დემოკრატიული გახდება.
“100-%-იანი პროპორცული საარჩევნო სისტემა თანდათანობით შემოვიდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2005 წლამდე მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით მიმდინარეობდა არჩევნები, შემდეგ- შერეული, ახლა კი მთლიანად პროპორციულზე გადავდივართ”, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ფრაქცია “ეროვნული აღორძინებიდან” აიკ ხანუმიანი.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ახალი საარჩევნო კოდექსი მოიცავს.
ქალების პოლიტიკაში ჩართვის მიზნით ახალ კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პროპორციულ სიებში ქალების მინიმუმ 25%-იან კვოტას.
“ჩვენ შევთავაზეთ, რომ 20-ის ნაცვლად 25% ყოფილიყო ეს რიცხვი, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ვფიქრობ, ქალებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევაში”, – ამბობს ფრაქცია “დემოკრატიიდან” დეპუტატი ვარდგეს ბაგირიანი.
აიკ ხანუმიანის აზრით კი, 25% არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალები პოლიტიკაში მოვიდნენ.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ქალები არ არიან ისე აქტიური, როგორც უნდა იყვნენ. ვიმედოვნებ, თუმცა პოლიტიკის ლიბერალიზაცია ამას ხელს მაინც შეუწყობს”, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.
როგორც აღმოჩნდა, აქამდე ყარაბაღში არჩევნებში მონაწილეობა არ შეეძლოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, იმ მიზეზით, რომ არჩევნებზე მისვლას ვერ ახერხებდნენ . ცვლილებები საარჩევნო ყუთების გადატანის მექანიზმის დანერგვას და, შესაბამისად, ამ ხარვეზის გამოსწორებასაც ითვალისწინებს.