ახალი ამბები

თურნავას ნათქვამი იგივეა, რომ ვთქვა, თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის — მელია

24 ივლისი, 2019 • 1447
თურნავას ნათქვამი იგივეა, რომ ვთქვა, თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის — მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სიცრუე უწოდა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ნათქვამს, რომ „ქართული ოცნება“ არ იყენებს პროკურატურას და სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, და თქვა: „ეს იგივეა, რომ ვთქვა, თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის-მეთქი“.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას 24 ივლისს თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის ბიზნესზე ზეწოლა სასამართლოსა და პროკურატურის გამოყენებით.

მელიამ იმავე საღამოს ტვ პირველის ეთერში თქვა: „მას შემდეგ, რაც თურნავას განცხადება მოვისმინე, თითქოს მათი ხელწერა არ არის ბიზნესზე ზეწოლა, ამ განცხადებამ გამახსენა [პრემიერ-მინისტრი მამუკა] ბახტაძის განცხადება, რომ რეზინის ტყვიების სროლა, დარბევა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის; ეს იგივეა, რომ მე ვთქვა, თავის გადაპარსვა არ არის ჩემი ხელწერა“.

„ამით ვეცადე, რეალური სახე დამენახებინა ამ ხელისუფლების, რომელიც ერთს აკეთებს და მეორეს ამბობს“, — თქვა მელიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ხაზარაძე დასაკითხათ დღესვე, 17 საათზე დაიბარეს.

ხაზარაძემ, რომელიც უარყოფს კანონდარღვევას, თქვა, რომ „ეს [ბრალის წარდგენა] კეთდება ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად“. მისმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, კი თქვა, რომ ბრალის დადგენილებას, რომელიც მათ პროკურატურამ წარუდგინა, „მესამეკურსელი სტუდენტიც კი არ დაწერდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი