ახალი ამბები

ხაზარაძის აზრით, ცქიტიშვილის 23 ივლისის კომენტარი ანაკლიაზე, სიგნალი იყო

24 ივლისი, 2019 • 818
ხაზარაძის აზრით, ცქიტიშვილის  23 ივლისის კომენტარი ანაკლიაზე, სიგნალი იყო

მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაფორმდა, რომელიც მთავრობისთვის უნდა წარედგინათ.

ხაზარაძის მტკიცებით, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ მშენებელ კონსორციუმს ინვესტორებთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჰქონდა, ხელისუფლების მხრიდან სიგნალი იყო, რასაც ბრალის წარდგენა მოჰყვა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ არ სჯერა მინისტრების, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ, თუმცა რეალურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ.

“6 თვე დაგვჭირდა სტაბილიზაციისთვის. ეს დრო აქციონერებსა და ინვესტორებს დასჭირდათ იმის გასარკვევად, რომ ისეთი არაფერი მომხდარა 12 წლის წინ, რაც ჩვენს რეპუტაციას ან მომავალ საქმიანობას ხელს შეუშლიდა. სიტუაცია დავასტაბილურეთ. მოტრიალდნენ ინვესტორები, გავაფორმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რომლებიც დღე-დღეზე უნდა წარგვედგინა სახელმწიფოსთვის. გუშინ პირველი სიგნალი იყო… როცა მინისტრმა თქვა, რომ პროგრესი არ გვაქვს. დღეს უკვე პროკურატურა გამოდის და ბრალს გვიყენებს. არცერთი სიტყვის არ მჯერა ამ ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია სახელმწიფო ინტერესია. არცერთის არ მჯერა, რადგან ყველა ზღვარს გადასცილდნენ მათი უპასუხისმგებლო და ორპირი დამოკიდებულებით. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან და ანაკლია აუცილებლად აშენდება. ახლა ვფიქრობთ მექანიზმებზე, რათა ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები და ამით  დავიცვათ ეს ყველაფერი,” – ამბობს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი