ახალი ამბები

ხაზარაძის ადვოკატის აზრით, პროკურატურის მსგავს დადგენილებას მესამეკურსელიც არ დაწერდა

24 ივლისი, 2019 • 1099
ხაზარაძის ადვოკატის აზრით, პროკურატურის მსგავს დადგენილებას მესამეკურსელიც არ დაწერდა

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ბრალის დადგენილებას, რომელიც დღეს მათ პროკურატურამ წარუდგინა, მესამეკურსელი სტუდენტიც კი არ დაწერდა.

დღეს, 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს და პირადად გააცნეს ბრალის წარდგენის შესახებ გამოტანილი დადგენილება.

“კითხვაზე, თუ რა არის მთავარი არგუმენტი [პროკურატურის], შემიძლია გიპასუხოთ – არაფერი. მე 1995 წლიდან ვარ ადვოკატი და ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს. ამ ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, ფულის გათეთრების თაობაზე არაფერი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს.  ამას ვსაუბრობ როგორც ამ ადამიანების ადვოკატი, როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით. ეს არის პროკურატურის დაცინვა და ძალიან ცუდია, რომ პროკურატურას და იმ კვალიფიციურ გამომძიებლებს, რომლებიც პროკურატურას ჰყავს და რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ, საბოლოო ჯამში, ასეთი ფორმით გამოაქვთ ეს დადგენილება.

ფულის გათეთრება, მე ყოველი შემთხვევისთვის, სტუდენტებს ასე ვასწავლი და კოდექსში ასე წერია – ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს თიბისი ბანკის ფული. ეს არის პირველი-მეორე კურსის პროგრამა სტუდენტებისთვის, ამის იქით, ვინც ამას ვერ გასცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის. ეს არის წარმოუდგენელი რამე..“, – ამბობს ზვიად კორძაძე.

მისივე თქმით, მათ მტკიცებულებები ჯერ არ გადასცემიათ და მისი შეფასება ეხება მხოლოდ იმ  მუხლს, რა მუხლითაც ჯაფარიძესა და ხაზარაძეს  ბრალი წარედგინათ.

“მუხლი, რომელიც დარჩა, ეს არის ფულის გათეთრება და არავითარი საერთო ამ შემთხვევას ფულის გათეთებასთან არ აქვს. დანარჩენ კომენტარს, მე როგორც იურისტი, გაგაცნობთ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი