ახალი ამბები

საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი – მამუკა ხაზარაძე

24 ივლისი, 2019 • 806
საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი – მამუკა ხაზარაძე

“საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი,”-ეს მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ბრალი ოფიციალურად გააცნეს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი, რომელსაც ეროვნული ბანკის მოთხოვნით  სამეთვალყურეო საბჭო დაატოვებინეს, ამბობს, რომ პროკურატურის განცხადებების შედეგად, ბანკის აქციონერებმა რამდენიმე ათეული მილიონით  უკვე იზარალეს. ხაზარაძის მტკიცებით, მათთვის ბრალის წარდგინებით საქართველოს საინვესტიციო გარემოც ზიანდება, რადგან ინვესტორებისთვის ეს შემთხვევა სიგნალია, რომ საქართველო ბიზნესის კეთებისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის.

“არ დავიწყებ ბრალზე კომენტარის გაკეთებას. ეს ადვოკატების საქმეა და გასაგებია, რომ ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია. ეს უკვე აღარ არის მარტო პროკურატურა, რადგან ამაში ჩართულია [ხელისუფლების] ძალიან ბევრი შტო. სწორედ ამიტომ ვუწოდე ორკესტრირებული შეტევა და ეს არის ამ ორკესტრის გაგრძელება, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორი და მუსიკოსები ჰყავს. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ბრიფინგი [პროკურატურის] ზუსტად გამეორებაა იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც იანვარ-თებერვალში ჩვენი აქციონერები 200 მლნ აშშ დოლარით აზარალა. მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ ხუთი წუთი მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის, 8%-ით დააგდეს თიბისი ბანკის აქციები. შედეგად, რამდენიმე ათეული მილიონით ისევ დააზარალეს ჩვენი ინვესტორები. ეს არის პირდაპირი მიზანმიმართული ქმედება. მათ ჰგონიათ, ხაზარაძე და ჯაფარიძე დააზარალეს, რომლებიც არიან მინორიტარი აქციონერები თიბისი ბანკში. ისინი საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებენ და ეუბნებიან ინვესტორებს, რომ თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ. ვიღაც პროკურორს, ჩინოვნიკს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი საქართველოში, რომელსაც, სამწუხაროდ, ყველაზე სამარცხვინო ეროვნული ბანკის მმართველი ჰყავს და ამ საკითხზე ცალკე ვისაუბრებ,” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ხაზარაძე დასაკითხათ დღესვე, 17 საათზე დაიბარეს.

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი