ახალი ამბები

ნანა ლეჟავამ “ქრონიკა” დატოვა, თუმცა “იმედში” რჩება

24 ივლისი, 2019 • 4127
ნანა ლეჟავამ “ქრონიკა” დატოვა, თუმცა “იმედში” რჩება

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნანა ლეჟავამ “ქრონიკა” დატოვა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, “იმედში” რჩება.

“დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ “ქრონიკაში” და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები “იმედში”. მადლობა ყურადღებისთვის”, – დაწერა ნანა ლეჟავამ პირად ფეისბუკ-გვერდზე.  როგორც ლეჟავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების შემდეგ დაგვიზუსტებს, თუ რა პოზიციას დაიკავებს ტელეარხში.

ნანა ლეჟავა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციაზე ჟურნალისტმა ხატია ქვათაძემ ჩაანაცვლა.

ნეტგაზეთმა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ცხვიტავას ჰკითხა, თუ ვინ იქნება საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი. მან გვითხრა, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ტელეკომპანია “იმედში” ბოლო პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებაც მოხდა. არხის აღმასრულებელ დირექტორად საინფორმაციო მიმართულებით დაინიშნა ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, ხოლო გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე შეცვალა ელდარ მდინარაძემ. ის 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა.

ამის შემდეგ ელდარ მდინარაძე მუშაობდა ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მზის” დირექტორის პოზიციაზე.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა, თუ იგეგმებოდა სტრუქტურული ცვლილებები ტელეკომპანია “იმედში”, რაზეც სამაუწყებლო კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა გვითხრა, რომ სტრუქტურასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს და “ყველაფერი ლაგდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი