გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე რაიმე პოლიტიკური მოძრაობა – ჩუგოშვილი ხაზარაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ გამოძიება თი-ბი-სი-ს საქმეზე წინ უსწრებდა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე.

“ფულის გათეთრების გამოძიებები სამართლებრივად საკმაოდ რთულია, კატეგორიის საკითხებია და, მით უმეტეს, მე პროკურატურისგან და გამოძიებისგან ვერც მექნება ინფორმაცია.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე რაიმე პოლიტიკურ მოძრაობაზე იქნებოდა საუბარი. ამიტომ, ალბათ, პროკურატურის ეს გადაწყვეტილება  დაკავშირებულია მტკიცებულებების მოგროვების დროსთან და არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასთან“, – ამბობს ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები შეეცდებიან ამ საქმეში პოლიტიკური შეფერილობა ნახონ, თუმცა გადამწყვეტი მაინც გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იქნება.

“ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, საზოგადოება მას საკმაოდ დეტალურად ადევნებს თვალყურს და, შესაბამისად, მტკიცების სტანდარტი და მტკიცებულებების სიმყარე როგორია, ეს არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი. დანარჩენზე მე საუბარი გამიჭირდება, უბრალოდ, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს“, – განმარტავს ის.

თამარ ჩუგოშვილის სიტყვებამდე იმავე შინაარსის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა. ჩუგოშვილის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ გამოძიება გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, მანამ, სანამ ხაზარაძე იტყოდა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა გადაწყვიტა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ბრალად სდებს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ამავე თემაზე:

გამოძიება წინ უსწრებდა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკურ გეგმებზე – თალაკვაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან