ახალი ამბები

“ხაზარაძე/ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება ივანიშვილის ანგარიშსწორებაა”

24 ივლისი, 2019 • 1080
“ხაზარაძე/ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება ივანიშვილის ანგარიშსწორებაა”

“მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება”, – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს.

“ივანიშვილის ხელისუფლება არ იყოფა. მას კოშმარად ახსენდება კოალიციურობის პერიოდი, როცა შებოჭილი იყო. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ფრთაშესხმული ივანიშვილი ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადმოვიდა არა მარტო მთელი დემოკრატიული სივრცის, არამედ მისგან უკონტროლო სტრუქტურების მიმართაც”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

დღეს, 24 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია  შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი  არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების  წარდგენის  მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე“ ,– განაცხადეს ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი